Aa
Aa

„ინდიანა" კრიზისშია - გოგას არ უთამაშია

„ინდიანა პეისერსს“ რთული პერიოდი უდგას. გოგა ბითაძის გუნდმა ზედიზედ მეექვსე, ხოლო საკუთარ კედლებში მიჯრით მეხუთე შეხვედრა წააგო. მაკმილანის ბიჭები ამჯერად „ბრუკლინ ნეთსს“ ვერ გაუმკლავდნენ და მინიმალური სხვაობით, 105-106 დამარცხდნენ.

„ნეთსს“ გამარჯვება სპენსერ დინუიდიმ მოუტანა, რომელმაც 5 წამით ადრე რთული ორქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. „ინდიანას“ საფინალო სირენასთან ერთად სასურველი შედეგის დაფიქსირება შეეძლო, მაგრამ მალკოლმ ბროგდონის სამქულიანმა მიზანს არ უწია.

გოგა ბითაძემ, რომელმაც გუშინ „მედ ენთსის“ რიგებში ითამაშა მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. „ინდიანას“ კი დომანტას საბონისმა ულიდერა. ლიეტუველმა კალათბურთელმა სამმაგი დუბლი გაიფორმა და აქტივში 23 ქულა, 10 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. საბონისის გარდა 19 ქულით ტი ჯეი უორენი გამოირჩა. მაილს ტერნერმა 15 ქულა დააგროვა, ხოლო ვიქტორ ოლადიპო 12 ქულასა და 4 მოხსნას დასჯერდა.

„ბრუკლინთან“ განცდილი ფიასკოს შემდეგ, „ინდიანას“ 31 მოგება და 23 მარცხი აქვს. „პეისერსმა“ საკუთარ კედლებში მიჯრით 5 შეხვედრა 2007-08 წლების სეზონის შემდეგ პირველად წააგო და წარუმატებელი სერიის დასრულება ძალიან გაუჭირდება. გოგას გუნდი მომდევნო საშინაო შეხვედრას 13 თებერვალს, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერის, „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები