Aa
Aa

14 წლის შემდეგ პირველად! - სერენა Aus Open-ის მე-3 წრიდან გავარდა

ავსტრალიის ღია პირველობის მე-5 დღეს, ტურნირს სერენა უილიამსი გამოეთიშა. ლეგენდარულმა ამერიკელმა, გათამაშების მე-3 წრეში, ჩინელ ვან სიანთან, 2 საათსა და 43 წუთს გაგრძელებულ მატჩში, 4:6; 7:6; 5:7 წააგო.

2006 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, სერენასთვის ეს ამ ტურნირზე ყველაზე ადრეულ ეტაპზე განცდილი მარცხი იყო. ვან სიანი მომდევნო რაუნდში ტუნისელ ონს ჟაბერს შეხვდება.

იოლი გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა - ეშლი ბარტიმ. ავსტრალიელთა მთავარმა იმედმა 20 წლის ყაზახ ელენა რიბაკინას 6:3; 6:2 მოუგო. ბარტი თამაშში ცუდად შევიდა და საკუთარი ჩაწოდება ზედიზედ ორჯერ დათმო, თუმცა თანდათან ინიციატივას სრულად დაეუფლა და პრობლემა აღარ ჰქონია. მისი შემდეგი მეტოქე ამერიკელი ალისონ რისკე იქნება, რომელმაც ტურნირიდან ჯულია გერგესი გამოთიშა.

მორიგი 2-სეტიანი თამაში ჩაატარა პეტრა კვიტოვამ, რომელმაც რუს ეკატერინა ალექსანდროვას მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო - 6:1; 6:2. სამაგიეროდ, წარუმატებელი შეხვედრა ჰქონდა მსოფლიოს მე-11 ჩოგან მედისონ კიზს. 24 წლის ამერიკელმა ბერძენ მარია საკარისთან 4:6; 4:6 წააგო. კვიტოვა და საკარი 1/8 ფინალში ერთმანეთზე გავიდნენ.

მამაკაცთა შორის, მეტ-ნაკლებად დაძაბულ ბრძოლას ვარაუდობდნენ დიეგო შვარცმანისა და დუშან ლაიოვიჩის მატჩში. თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა და მატჩში, რომელშიც ნოვაკ ჯოკოვიჩის მომდევნო მეტოქე ირკვეოდა, არგენტინელმა სერბს 3 სეტში აჯობა - 6:2; 6:3; 7:6.

რაც შეეხება თავად ჯოკოვიჩს, ტაცუმა იტოს შემდეგ, მან კიდევ ერთ იაპონელ იოშიტო ნიშიოკას მოუგო. სერბს დიდი პრობლემები არც ამჯერად ჰქონია და დაგეგმილ გამარჯვებას მსუბუქად მიაღია - 6:3; 6:2; 6:2.

მსოფლიოს ამჟამინდელი მე-2 ჩოგანი შვარცმანს კარიერიაში მეოთხედ შეხვდება და მასთან წაუგებელი სერიის გაგრძელებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები