სკანდალი ლა ლიგაში -
Aa
Aa

სკანდალი ლა ლიგაში - "ოსასუნას" ყოფილმა დირექტორმა 3 გარიგებული მატჩი დაასახელა

ლა ლიგის გარშემო, ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით, ახალი სკანდალი მწიფდება. დაკითხვაზე მყოფმა „ოსასუნას“ ყოფილმა დირექტორმა - სასამართლოს, 2012-13 წლების სეზონის 35-ე ტურის 3 თამაში დაუსახელა, რომელთა შედეგებზეც გავლენა არასპორტული პრინციპებით მოხდა.

ანხელ ლუის ვისკაის თქმით, მისმა ყოფილმა კლუბმა „ოსასუნამ“, რომელიც ლიგაში დასარჩენად იბრძოდა, პარალელურად გასამართ 2 მატჩში პრემიალური თანხები დააწესა, თუკი გუნდები პამპლონელთათვის სასურველ შედეგს დააფიქსირებდნენ.

„ოსასუნას“ ხელმძღვანელობამ „ვალიადოლიდს“ 150 000 ევრო, ბონუსის სახით, შესთავაზა, რის სანაცვლოდაც გუნდს პამპლონელთა კონკურენტი - „დეპორტივო“ უნდა დაემარცხებინა. ასევე 150 000 ევრო გადაურიცხეს „ბეტისს“, რომელიც „ოსასუნას“ კიდევ ერთ კონკურენტ „სელტას“ ხვდებოდა, მთავარი კი უშუალოდ საკუთარი მეტოქისთვის, წაგების სანაცვლოდ, შეთავაზებული თანხაა.

„ოსასუნას“ „ხეტაფესთან“ უნდა ეთამაშა. შეხვედრის წინ პამპლონელები ხეტაფელებს დაჰპირდნენ, რომ თუკი ისინი სასურველი შედეგის დაფიქსირებაში ხელს არ შეუშლიდნენ, 400 000 ევროს მიიღებდნენ. თუმცა, უცნობია, გადაიხადეს თუ არა ეს თანხები ნავარელებმა.

სამივე ეს მატჩი, „ოსასუნასთვის“ სასურველი შედეგით, ერთნაირი ანგარიშით - 1:0 დასრულდა. საბოლოოდ, პამპლონელებმა სეზონი მე-16 ადგილზე დაასრულეს და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

ლუის ვისკას განცხადებით, ბოლო ტურებში თამაშების ჩაწყობის მცდელობა მომავალ სეზონშიც იყო, როცა „ოსასუნა“ ასევე ლიგაში დასარჩენად იბრძოდა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია და სეგუნდა დივიზიონში გავარდა.

პამპლონელთა ყოფილი დირექტორი სასამართლოს შენობაში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. წესით, საქმეზე ახალი დეტალები და გარემოებები უახლოეს დღეებში უნდა შევიტყოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები