Aa
Aa

წყვილთა პირველმა ჩოგანმა და ნიჭიერმა ჩილელმა დოპინგ-ტესტი ჩააგდეს

საჩოგბურთო სამყაროში ახალი სკანდალი მწიფდება. მამაკაცთა წყვილთა რეიტინგის პირველმა ნომერმა, რობერ ფარამ და ნიჭიერმა ჩილელმა, ნიკოლას ჯარიმ დოპინგ-ტესტი ჩააგდეს.

როგორც ჩოგბურთის ანტი-დოპინგის პროგრამამ გამოაცხადა, ფარას ტესტმა დადებითი პასუხი ოქტომბერში აჩვენა, ჯარი კი ნოემბერში, დევისი თასის მიმდინარეობისას მადრიდში შეამოწმეს.

აღნიშნულ ფაქტს ორივე ჩოგბურთელი, სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა. ფარას თქმით, აკრძალული პრეპარატი მის ორგანიზმში დაბინძურებული ხორცის მეშვეობით მოხვდა, ხოლო ჯარიმ აღნიშნა, რომ მას დოპინგი განზრახ არასდროს მიუღია.

ბრალის ოფიციალურად გასაჯაროვების შემდეგ, გამოძიება აქტიურ ფაზაში შედის და საქმეზე დამატებითი დეტალები და სასჯელის ზომა უახლოეს პერიოდში გვეცოდინება.

32 წლის რობერ ფარა, წყვილთა შორის, დიდი სლემის ტურნირების ორგზის გამარჯვებულია - მან 2019 წელს, ხუან სებასტიან კაბალთან ერთად, უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა მოიგო.

რაც შეეხება 24 წლის ჯარის, იგი ამჟამად მსოფლიოს 78-ე ჩოგანია, კარიერის განმავლობაში კი ATP-ს ერთადერთი ტიტული აქვს მოგებული - გასულ წელს, ბაშტადის 250-იან ტურნირზე იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები