Aa
Aa

ლაუტაროს აგენტები მილანში „ბარსელონას" წარმომადგენლებს შეხვდებიან

„ინტერის“ ფეხბურთელის, ლაუტარო მარტინესის აგენტები, ამ კვირაში „ბარსელონას“ ხელმძღვანელებს შეხვდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა OLE ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრისთვის „ბლაუგრანა“ მილანს სტუმრობს და OLE-ს ცნობით არგენტინელის წარმომადგენლები, ბეტო იაგე და როლანდო სარატე ამ მომენტს სათავისოდ გამოიყენებენ. ისინი „ბარსას“ მესვეურებთან შეხვედრას და შესაძლო თანამაშრომლობის განხილვას აპირებენ.

კატალონიური გრანდი ლუის სუარესის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ლაუტარო მარტინესს მოიაზრებს. 22 წლის თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში მშვენივრად გამოიყურება და უკვე 13 გოლის გატანა მოასწრო.

„ინტერის“ მესვეურები არგენტინელი ცენტრფორვარდის გასხვისებას არ აპირებენ და მას ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მიიჩნევენ. „ნერაძურიმ“ ლაუტარო არგენტინული „რასინგიდან“ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა და იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ მისის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევროა.

მარტინესს „ინტერთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, თუმცა მილანური გრანდი ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“ გარდა, არგენტინელის გადაბირება „სიტისაც“ სურს. „ქალაქელები“ „ინტერის“ ერთ-ერთ ლიდერს სერხიო აგუეროს შემცვლელად მოიაზრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები