ბითაძის ეფექტური ჩატენვა და +22 -
Aa
Aa
19 ნოემბერი 2019  |  08:57

ბითაძის ეფექტური ჩატენვა და +22 - "ინდიანამ" "ბრუკლინი" გაანადგურა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ორმატჩიანი წარუმატებელი სერია „ბრუკლინთან“ შეწყვიტა და კაირი ირვინგის გარეშე მოასპარეზე „ნეთსი“ 115 – 86 გაანადგურა.

მატჩი მასპინძელთა მცირე უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველი მეოთხედის ბოლოს „ინდიანამ“ ანგარიში გაათანაბრა. მეორე მეოთხედი კი ფენომენალურად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 24 ქულიანი უპირატესობით გავიდა.

„ბრუკლინმა“ თამაშში დაბრუნება მეორე ნახევარში სცადა და გადამწყვეტი თორმეტწუთეულის წინ ჩამორჩენა 16 ქულამდე დაიყვანა, თუმცა ეს „ნეთსის" მაქსიმუმი აღმოჩნდა. „პეისერსმა“ ბოლო მეოთხედში მეტოქეზე 13-ით მეტი ქულა ჩააგდო და საბოლოოდ 29 ქულით იმარჯვა.

„ინდიანას“ წარმატებაში წვლილი გოგა ბითაძემაც შეიტანა. 20 წლის ქართველი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, პარკეტზე 16 წუთი გაატარა და აქტივში 4 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა. ბითაძემ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და ერთი სამქულიანი და საჯარიმო გააფუჭა. გოგამ +/- -ის გრაფაში პლუს 22 დააფიქსირა და ამ კატეგორიაში მხოლოდ დაგ მაკდერმოტს ჩამორჩა. აქვე გეტყვით, რომ ქართველს ბურთი არ დაუკარგავს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

 

„ბრუკლინთან“ მატჩში „ინდიანას“ აარონ ჰოლიდეიმ ულიდერა და 24 ქულასთან ერთად 13 ასისტი გაიფორმა. აარონის ძმა, ჯასტინი 20 ქულით გამოირჩა. ტი ჯეი უორენმა თავი 19 ქულას მოუყარა, ხოლო საბონისი 16 ქულასა და 18 მოხსნას დასჯერდა.

„ნეთსის“ დამარცხების შემდეგ, „პეისერსის“ ანგარიშზე 8 მოგება და 6 წაგებაა. „ინდიანა“ მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „ორლანდო მეჯიქს“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები