„იუვენტუსი“, „მილანი“ და „ინტერი“ - რაკიტიჩისთვის იტალიური გრანდები იბრძვიან
Aa
Aa

„იუვენტუსი“, „მილანი“ და „ინტერი“ - რაკიტიჩისთვის იტალიური გრანდები იბრძვიან

Mundo Deportivo იუწყება, რომ „ბარსელონას“ ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის საკუთარ რიგებში ხილვა იტალიური ფეხბურთის ერთბაშად სამ გრანდს სურს. კატალონიური გამოცემა აქცენტს „იუვენტუსზე“, „მილანზე“ და „ინტერზე“ აკეთებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით „ბებერმა ქალბატონმა“ რაკიტიჩის ტრანსფერის გაჩარხვა აგვისტოშიც სცადა, თუმცა „ბიანკონერის“ წინადადებამ „ბარსელონა“ ვერ მოხიბლა. მიუხედავად ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბლაუგრანამ“ პოზიცია შეცვალა.

„კამპ ნოუს“ ბინადრები მზად არიან სარფიანი შეთავაზების მიღების შემთხვევაში ხორვატი ნახევარმცველის გასხვისებაზე თანხმობა განაცხადონ.

იტალიური გრანდები რაკიტიჩის შეძენას ზამთარში შეეცდებიან. Mundo Deportivo-ს მიხედვით ფავორიტი ტურინის „იუვენტუსია“, თუმცა მილანური გუნდების ჩამოწერაც არ შეიძლება.

კონტემ „ნერაძურის“ ხელმძღვანელობას შემადგენლობის გაძლიერება საჯაროდ მოსთხოვა და "ინტერის" ხელმძღვანელები უკან არაფერზე დაიხევენ, „მილანს“ კი ელიტაში დაბრუნება სურს. აღსანიშნავია, რომ „როსონერის“ მხრიდან რაკიტიჩის ტრანსფერზე ზვონიმირ ბობანი მუშაობს. ამ უკანასკნელს „ბარსელონას“ ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა აქვს და "შავ-წითლები" სწორედ ამ ფაქტორის გამოყენებას აპირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები