Aa
Aa

ახალგაზრდა მამაკაც ჩოგბურთელთა შემაჯამებელ ტურნირზე ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდა

მილანში მიმდინარე ახალგაზრდა მამაკაც ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდა.

A ჯგუფში შესანიშნავად იასპარეზა ავსტრალიელმა ალექს დე მინაურმა, რომელმაც სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა. 1/2 ფინალში გასასვლელად დიდი ძალისხმევა არც მიომირ კეჩმანოვიჩს დასჭირვებია, რომლის კონკურენტმა კასპერ რუუდმა ბოლო ტურში წააგო და კეჩმანოვიჩს საქმე გაუმარტივა.

B ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრა, ფრენსის ტიაფოსა და მატიას იმერს შორის, ძალიან პრინციპული გახლდათ, რადგან ჩოგბურთელები ნახევარფინალისტს ერთმანეთში არკვევდნენ. ბრძოლა არ შედგა და ტიაფომ მეტოქეს 3 სეტში - 4:2; 4:2; 4:2 მოუგო.

ბოლო ტურამდე განაღდებული ჰქონდა ნახევარფინალის საგზური იტალიელ იანიკ სინერს, რომელმაც საწყის ორ ტურში სწორედ ტიაფოსა და იმერს აჯობა. აღსანიშნავია, რომ სინერს ტურნირზე მოხვედრა სეზონის შედეგებით არ ეკუთვნოდა, თუმცა მას, როგორც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, Wild Card-ი მისცეს.

ამრიგად, ნახევარფინალურ ეტაპზე ერთმანეთის წინააღმდეგ დე მინაური და ტიაფო ითამაშებენ, რის შემდეგაც კორტზე უკვე სინერი და კეჩმანოვიჩი გამოვლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები