Aa
Aa

ანჩელოტიმ შესაძლოა "ნაპოლი" დატოვოს

იტალიური პრესის ინფორმაციით, არაა გამორიცხული, უახლოეს დღეებში „ნაპოლისა“ და კარლო ანჩელოტის გზები გაიყაროს. ამის მიზეზად „პაპა კარლოსა“ და პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის არსებული კონფლიქტი სახელდება.

ნეაპოლურ კლუბში სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც დე ლაურენტისმა ფეხბურთელების 5 დღით ბაზაზე დატოვების ბრძანება გასცა. პრეზიდენტის აზრით, „პარტენოპეის“ მოთამაშეებმა, ბოლოდროინდელი შედეგების გამო, Ritiro დაიმსახურეს, რაც ბაზაზე ან სასტუმროში მოთამაშეთა გამოკეტვასა და მხოლოდ ვარჯიშზე მომართვას გულისხმობს.

„ნაპოლის“ ფეხბურთელებმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და სახლებში დაბრუნდნენ, რაშიც მათ ანჩელოტიმაც მხარი დაუჭირა. ბუნებრივია, 60 წლის სპეციალისტის ეს ნაბიჯი დე ლაურენტისს არ მოეწონა და აპენინური გამოცემების თქმით, შესაძლოა, „პაპა კარლო“ სამსახურის გარეშე დარჩეს.

„ნაპოლის“ ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილებას არ მალავს და ახალი მწვრთნელის ძიებაშია. თუმცა, ვინ შეიძლება შეცვალოს ანჩელოტი, ამის შესახებ პრესაში ამ დრომდე არაფერი დაწერილა.

კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ 2018 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ავარჯიშებს. მან გუნდი სერია A-ს გასულ სეზონში მე-2 ადგილზე გაიყვანა, ევროპა ლიგასა და იტალიის თასზე კი „პარტენოპეიმ“ სასურველ შედეგებს ნამდვილად ვერ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები