„მანჩესტერი“ ლაუტაროს ტრანსფერით დაინტერესდა
Aa
Aa

„მანჩესტერი“ ლაუტაროს ტრანსფერით დაინტერესდა

პრესტიჟული ბრიტანული გაზეთი, Daily Mail იუწყება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ინტერის“ თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის საკუთარ რიგებში ხილვა სურს. „წითელი ეშმაკების“ თავკაცი, ოლე გუნარ სულშერი შეტევის ხაზის გაძლიერებაზეა კონცენტრირებული და არგენტინელ ფეხბურთელს დიდი ინტერესით აკვირდება.

რომელუ ლუკაკუსა და ალექსის სანჩესის (იჯარა) გაშვების შემდეგ, „მანჩესტერის“ შემტევ ხაზში სიცარიელე გაჩნდა და „იუნაიტედი“ პრობლემების მოგვარებას ლაუტაროს ტრანსფერით გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ Mundo Deportivo-ს მიხედვით „წითელ ეშმაკებს“ კატალონიის „ბარსელონას“ კონკურენციის დაძლევა მოუწევთ. „ბლაუგრანას“ მესვეურები ლუის სუარესის შემცვლელს ეძებენ და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ლაუტარო მარტინესს განიხილავენ.

აქვე გეტყვით, რომ მთავარი დაბრკოლება, რომელსაც სავარაუდოდ ორივე კლუბი შეეჩეხება სატრასფერო ღირებულება გახლავთ. იტალიური პრესის თანახმად „ინტერი“ სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ მინიმუმ 111 მილიონ ევროს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ მარტინესი „ნერაძურის“ 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა პირველ სეზონში თავი არაფრით გამოუჩენია. არგენტინელი „ინტერში“ ანტონიო კონტეს მისვლის შემდეგ ათამაშდა და წლეულს ჩატარებულ 13 შეხვედრაში 7 გოლის შეგდება მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები