''სიმსივნე რწმენით დავამარცხე'' - ინტერვიუ მძიმე დაავადებასთან გამარჯვების შემდეგ
Aa
Aa

''სიმსივნე რწმენით დავამარცხე'' - ინტერვიუ მძიმე დაავადებასთან გამარჯვების შემდეგ

საფეხბურთო კლუბ თბილისის ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელმა მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა. მძიმე სენთან ბრძოლის გამო 24 წლის ფეხბურთელს 2019 წლის სეზონი გაუცდა, მკურნალობის პროცესი 9 თვე მიმდინარეობდა.

ფეხბურთელი, რომელმაც 2013-14 წლების სეზონში ''ლოკოსთვის'' 45 გოლი გაიტანა, ამჟამად თავს კარგად გრძნობს და ეტაპობრივად სასურველ ფიზიკურ ფორმას მიუახლოვდება. 2020 წლის იანვრიდან  ახალი სეზონისთვის ლევან კორღალიძის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით მოემზადება, მანამდე კი დიდი ალბათობით ''ლოკო'' ევროსაგზურს მოიპოვებს და 24 წლის თავდამსხმელი გუნდთან ერთად ახალი გამოწვევის წინაშე დადგება.

CrystalSport-თან საუბარში მამია გავაშელიშვილი იხსენებს პერიოდს, როცა მძიმე სენი დაუდგინდა და ფსიქოლოგიური კუთხით პირველი ბრძოლის გადატანა მოუწია. მისი თქმით მეუღლისა და ოჯახის წევრების თანადგომამ ფეხბურთში დაბრუნების დიდი სტიმული მისცა.

 

გავაშელიშვილი აღიარებს, რომ ფეხბურთთან დროებითი დამშვიდობება ფსიქოლოგიური კუთხით რთული გადასატანი იყო. მისი დეპრესიული განწყობები იმ მოლოდინმა გააჩინა, რომ გრძელვადიანი სამკურნალო პროცესის ჩატარება მოუწევდა, რაც ცხადია სპორტსმენის კარიერის ხანგრძლივი დროით შეწყვეტის საფუძველი იყო.

როცა მამია გავაშელიშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა, მისი შვილი ორი თვის იყო. შვილთან ურთიერთობა ფეხბურთელს არსებული რეალობიდან ყურადღების გადატანაში ეხმარებოდა. ''მეუღლემ და შვილმა გადამატანინეს ყველაფერი'' - აღნიშნავს ფეხბურთელი.

  

ფეხბურთელი, რომელმაც ბავშვობის წლები ქალაქ ონში გაატარა, ანალოგიური პრობლემის წინაშე დამდგარი ადამიანების მთავარ გამოსავალს რწმენაში ხედავს. 2018 წლის ''ლოკომოტივის'' საუკეთესო ბომბარდირის აზრით ფსიქოლოგიური სიძლიერე დაავადებასთან ბრძოლის მთავარი ფაქტორია.

 

გავაშელიშვილი თანაგუნდელებთან და მეგობრებთან ურთიერთობას იხსენებს, ფორვარდი საკუთარ თავში ჩაკეტვის ნაცვლად კონტაქტური იყო და საქართველოში ყოფნისას დიდ დროს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ატარებდა, ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელები და კლუბის თანამშრომლები ფსიქოლოგიური სიმტკიცის შენარჩუნებაში ეხმარებოდნენ, რაც ნეგატიური ფიქრების დამარცხებაში ეხმარებოდა.

 

2018 წლის სეზონში გავაშელიშვილმა თბილისის ''ლოკომოტივის'' რიგებში საქართველოს უმაღლეს ლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი შეაგდო. ამპლუით ფორვარდი ბომბარდირთა დავაში მეექვსე ადგილზე გავიდა და ''ლოკოს'' საუკეთესო გოლეადორი გახდა.

2013 წელს გავაშელიშვილი ქუთაისის ''ტორპედოს'' ღირსებას იცავდა, 2014 წლიდან თბილისის ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელია. 2014-15 წლების სეზონში გავაშელიშვილმა საქართველოს რანგით მეორე ლიგაში 37 მატჩში 45 გოლი შეაგდო, რაც ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია. მისი გოლები თბილისურ კლუბს ელიტაში აღზევებაში დაეხმარა.

მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები