Aa
Aa

"მანჩესტერის" ამბიციური გეგმები - "იუნაიტედი" სამ ფეხბურთელს უმიზნებს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთარში შემადგენლობის გაძლიერებასა და რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელის დამატებას აპირებს. გუშინ „წითელმა ეშმაკებმა“ სტუმრად „პარტიზანი“ დაამარცხეს და 11 მატჩიანი უსიამოვნო სერია შეწყვიტეს, თუმცა ოლე გუნარ სულშერის გუნდს წინ დიდი გზა აქვს გასავლელი.

„მანჩესტერის“ ხელმძღვანელობას ეს მშვენივრად მოეხსენება და მდგომარეობის გამოსასწორებლად ტრანსფერების გაჩარხვას გეგმავს.

BILD-ის ცნობით „იუნაიტედი“ თომას მიულერს უმიზნებს. Daily Mail კი იტყობინება, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს და 30 წლის ფეხბურთელის შესახებ „ბაიერნისგან“ ინფორმაცია გამოითხოვეს. მიულერის საკუთარ რიგებში ხილვა „ინტერსაც“ სურს, ასე რომ „მანჩესტერს“ სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

„ბაიერნის“ ვარსკლავის გარდა, „იუნაიტედი“ „გლადბახის“ ნახევარმცველის, დენის ზაკარიას ტრანსფერით ინტერესდება და გერმანულ პრესას თუ დავუჯერებთ შვეიცარიელის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.

დაბოლოს, „წითელ ეშმაკებს“ დიდი ხანია მარიო მანჯუკიჩს უკავშირებენ და რამდენიმე ბრიტანული გამოცემის მიხედვით პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ხორვატი კარიერას „ოლდ ტრაფორდზე“ გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები