ნეიმარი: "პარი სენ-ჟერმენის გულშემატკივრების კარგად მესმის"...
„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკლავი, ნეიმარი დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში მასსა და პარიზული გრანდის ქომაგებს შორის ურთიერთობა გამოსწორდება. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პსჟ-ს გულშემატკივრების რისხვა ზაფხულში დაიმსახურა, როცა „პარკ დე-პრენსის“ დატოვებასა და „კამპ ნოუზე“ გადასვლას ცდილობდა.
ფრანგული გუნდის ფანატები „ნეის“ აქტიურად აკრიტიკებენ და დროგამოშვებით რადიკალურ ქმედებებსაც მიმართავენ. თუმცა 27 წლის შემტევი მომავალს იმედიანად უყურებს და RMC Sport-თან საუბრისას აცხადებს: „პსჟ-ს გულშემატკივრების კარგად მესმის, მაგრამ როცა საკუთარ სამსახურში ბედნიერი არ ხარ, ახალი ვარიანტების ძებნას იწყებ და სამუშაო ადგილის შეცვლა გსურს“.
„ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც კლუბში დავრჩი. პსჟ-ში წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებ და ქომაგთა სიყვარული აუცილებლად დაბრუნდება“.
„მე პროფესიონალი ვარ და კლუბისთვის 100 პროცენტით ვიხარჯები. მაქსიმალურად ვეცდები პარი სენ-ჟერმენს წარმატების მიღწევაში და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დავეხმარო“.
„ყველა ჩემი თანაგუნდელი მაღალი დონის ფეხბურთელია და ვფიქრობ 2019-20 წლების სეზონი პსჟ-სთვის წარმატებული იქნება“.