Aa
Aa

Daily Mail - "მანჩესტერი" ნაგელსმანს აკვირდება

"მანჩესტერ იუნაიტედს" რთული პერიოდი უდგას. "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებენ და "ნისლიან ალბიონზე" უკვე ოლე გუნარ სულშერის გაშვებაზე ალაპარაკდნენ.

Daily Mail იტყობინება, რომ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელებმა ნორვეგიელი სპეციალისტის შემცვლელზე დაიწყეს ფიქრი და მთავარი კანდიდატიც შერჩეული ჰყავთ. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით "მანჩესტერის" მესვეურების ფავორიტი იულიან ნაგელსმანი გახლავთ.

32 წლის გერმანელს "ლაიფციგის" თავკაცის პოსტი უკავია და დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სპეციალისტად ითვლება. საფეხბურთო სამყარომ ნაგელსმანი "ჰოფენჰაიმში" გაიცნო. 2018-19 წლების სეზონში იულიანმა "ჰოფენჰაიმი" ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა და "ლაიფციგშიც" წარმატებით მუშაობს.

Daily Mail-ის ცნობით  "მანჩესტერის" ხელმძღვანელები ნაგელსმანს აქტიურად აკვირდებიან და მასზე ინფორმაციას აგროვებენ. თუმცა "იუნაიტედის" მესვეურები ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებენ და მოვლენების განვითარებას ელოდებიან.

რაც შეეხება "წითელი ეშმაკების" მოქმედ თავკაცს, ოლე გუნარ სულშერის მანჩესტერული თავგადასავალი შესაძლოა უახლოეს მომავალში დასრულდეს. მომდევნო ტურში "იუნაიტედი" "ოლტ ტრაფორდზე" მოსისხლე მტერს, "ლივერპულს" მიიღებს და ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ "მერსისაიდელებთან" ფიასკოს შემთხვევაში ნორვეგიელს სერიოზული პრობლემები შეექმნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები