Aa
Aa

დავიდ ლუიზმა "ჩელსიდან" წასვლის მიზეზებზე ისაუბრა

ლონდონის „არსენალის“ ცენტრალურმა მცველმა, დავიდ ლუიზმა, „ჩელსიდან“ წასვლის მიზეზებზე პრესასთან ისაუბრა. ბრაზილიელი უკანახაზელი აცხადებს, რომ მისი და „ლურჯების“ სამომავლო გეგმები თანხვედრაში არ მოდიოდა და გუნდის რიგებიც ამიტომ დატოვა.

„ჩელსი“ ყოველთვის მომწონდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მართალია, სხვა გუნდში ახალი თავგადასავლის დაწყება გადავწყვიტე, მაგრამ სამუდამოდ „არისტოკრატთა“ მადლიერი ვიქნები. ასევე ყველა იმ ადამიანის, რომლებთანაც ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება მექნება.

იქიდან წამოსვლა ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო, რომლის შესახებაც ფრენკ ლამპარდთან პირადი შეხვედრა მქონდა და მასთან ძალიან გულახდილად ვისაუბრე. ჩვენ სამომავლოდ განსხვავებული იდეები აღმოგვაჩნდა, ამიტომაც სხვა გზა ავირჩიე.

რა თქმა უნდა, კონკრეტულად „არსენალში“ გადასვლა რთული გადაწყვეტილება იყო, ამ გუნდებს შორის ხომ დიდი მტრობაა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ როცა „მეთოფეთა“ წინადადება მივიღე, „ჩელსიდან“ წასვლა გადაწყვეტილი მქონდა. „არსენალი“ დიდი გუნდია, მათ შეთავაზებით მალევე მომმართეს, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია“.

ლუიზმა "მეთოფეთა" მაისურით გასულ უქმეებზე სადებიუტო გოლი შეაგდო, მან გუნდს "ბორნმუთთან" მოაგებინა. "არსენალი" პრემიერ ლიგის მე-3 ადგილზეა და მეორეადგილოსან "სიტის" 1 ქულით ჩამორჩება.

32 წლის მცველი „ჩელსის“ რიგებში 2011-2014 და 2016-2019 წლებში თამაშობდა, სხვადასხვა დროს კი „ვიტორიას“, „ბენფიკასა“ და პსჟ-ს ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები