გნაბრი-ფანტასტიკა! - "ბაიერნის" შოუ ლონდონში და "ტოტენჰემის" 24-წლიანი ანტირეკორდი
„ტოტენჰემი“ პირველი ინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც ბოლო 24 სეზონში ევროტურნირების ერთ მატჩში 7 გოლი გაუშვა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი საკუთარ არენაზე მიუნხენის „ბაიერნთან“ 2:7 განადგურდა.
ბოლო ინგლისური ანტირეკორდიც „ტოტეს“ ეკუთვნოდა და გუნდი მაშინაც გერმანიის წარმომადგენელთან დამარცხდა. 1995 წლის ივლისში, ინტერტოტოს თასზე „დეზებმა“ „კიოლნის“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრა 0:8 დათმეს.
გუშინდელი თამაშის გმირი სერჟ გნაბრი გახლდათ, რომელმაც ბრიტანელთა კარი 4-ჯერ აიღო. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გნაბრი მხოლოდ მე-2 გერმანელია, რომელმაც ამ ტურნირის ერთ მატჩში 4 ბურთი შეაგდო - იგივე შედეგი 2012 წელს მარიო გომესს, „ბაზელის“ წინააღმდეგ, 7:0 მოგებული მატჩისას ჰქონდა.
„რეკორდმაისტერმა“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 7 გოლი ისტორიაში მეორედ გაიტანა - 2014 წელს გუნდმა იტალიაში „რომას“ 7:1 მოუგო.
ნიკო კოვაჩის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი შესანიშნავად დაიწყეს და საწყის ორ მატჩში 10 გოლი შეაგდეს. „ბაიერნი“ შემდეგ ტურში საბერძნეთში „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება, „ტოტენჰემი“ კი საკუთარ მოედანზე ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ მიიღებს.