Aa
Aa

კრიზისი "მილანში" - "როსონერის" ანტირეკორდი და გენიალური ფრანკ რიბერი

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი, მარკო ჯამპაოლო უდიდესი წნეხის ქვეშაა. უკანასკნელი 81 წლის განმავლობაში „როსონერიმ“ სერია A-ს საწყისი 6 შეხვედრიდან 4 პირველად წააგო. ბოლოს „შავ-წითლებს“ ასეთი ცუდი სტარტი 1938-39 წლების სეზონში ჰქონდათ. მანამდე კი მსგავსი რამ „მილანის“ ისტორიაში ერთადერთხელ, 1930-31 წლებში მოხდა.

მარკო ჯამპაოლოს გუნდის ფიასკო „ფიორენტინას“ უკავშირდება. „იებმა“ „სან სიროზე“ ფენომენალურად იასპარეზეს და მეტოქეს 3-1 სძლიეს. „ვიოლას“ მხრიდან თავი ფრანკ რიბერიმ გამოიჩინა, რომელმაც „შავ-წითლების“ ქომაგთა აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

ფრანგმა გარემარბმა ბრწყინვალედ ითამაშა და 78-ე წუთზე ეფექტური გოლი შეაგდო. მატჩის შემდეგ „ფიორენტინას“ ვარსკლავმა Sky Sport Italia-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა: “ძალიან ბედნიერი ვარ. სან სიროზე თამაში ყოველთვის განსაკუთრებულ შეგრძნებებთან ასოცირდება“.

„დიახ, უკვე ასაშკი ვარ, მაგრამ მინდორზე თავს ახალგაზრდა ბიჭივით ვგრძნობ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ეს სპორტი ძალიან მიყვარს. ფიორენტინაში მოსვლისას წარმატების მიღწევა მსურდა და მიხარია გუნდი კარგად რომ ასპარეზობს“.

 

იტალიური პრესის ინფორმაციით „ვიოლასთან“ განცდილი კრახის შემდეგ, ჯამპაოლოს მილანური მომავალი ბურუსითაა მოცული. Tuttomercatoweb-ის ცნობით „როსონერის“ მესვეურები ანდრეი შევჩენკოს დაუკავშირდნენ და მას „შავ-წითლების“ ჩაბარება შესთავაზეს. თუმცა იტალიური გამოცემა დასძენს, რომ ჯამპაოლოს პოსტის შენარჩუნება შეუძლია და თუ მომდევნო შეხვედრაში გამარჯვებას მოიპოვებს,დიდი შანსია „სან სიროზე“ მუშაობა გააგრძელოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები