Aa
Aa

ისტორიაში მეექვსედ! - მესი მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელია!

ფიფა-ს გამოკითხვის შედეგად, 2019 წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა, რომელმაც ხმების გადანაწილების შედეგად, 46 ქულა მიიღო, ვირჯილ ვან დეიკმა 38 ქულა მოიპოვა, მესამეადგილოსანმა კრიშტიანუ რონალდუმ კი - 36.

ფიფა-ს ვერსიით, მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელი მეექვსედ გახდა, რაც ყველა დროის რეკორდია. არგენტინელმა კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო, რომელიც გუშინდელ ცერემონიას არ ესწრებოდა, ამიტომაც წლის საუკეთესო თერთმეტეული დარბაზში 10 კაცით იყო წარმოდგენილი.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სპორტულმა ჟურნალისტებმა, ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა გამოავლინეს, რომელთაც, 2016 წლიდან ფიფა-ს ინიციატივით, საფეხბურთო გულშემატკივართა ხმოსანი წარმომადგენლებიც დაემატნენ. ოთხივე ამ მხარეზე ხმების 25-25% მოდის.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ზურაბ ფოცხვერიამ, სამეული ასე დააკომპლექტა: ედენ აზარი, კრიშტიანუ რონალდუ, ჰარი კეინი. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, ლიონელ მესი გამოარჩია, მეორე პოზიციაზე რონალდუ დაასახელა, ხოლო მესამეზე - კილიან მბაპე. რაც შეეხება „ჯვაროსანთა“ კაპიტნის, ჯაბა კანკავას არჩევანს, მან უპირატესობა ვირჯილ ვან დეიკს მიანიჭია, მეორე ადგილზე მესი გაიყვანა, ხოლო მესამე პოზიცია რონალდუს ერგო.

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი მეგან რაპინო გახდა, რომელმაც ზაფხულში ამერიკის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

წლის საუკეთესო მამაკაც მეკარედ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი გამარჯვებული, ალისონ ბეკერი დასახელდა, რომელმაც ედერსონ მორაეშსა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს აჯობა.

ფიფა წლის საუკეთესო ფეხბურთელს 1991 წლიდან ავლენს. თუმცა, ამჟამინდელი ფორმატი 2016 წლიდან შემოიღეს და მას ფიფა-ს The Best-ი უწოდეს. მესი The Best-ი პირველად გახდა, საერთო ჯამში, ფიფა-ს ვერსიით, მეექვსედ მოპოვებულ უმაღლეს ინდივიდუალურ ჯილდოზე კი უკვე ვისაუბრეთ. ასე რომ, 2015 წლის შემდეგ პირველად, მესი ისევ წლის საუკეთესო ფეხბურთელია!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები