Aa Aa
23 სექტემბერი 2019  |  10:38

ზიდანი: "ჩემი დაბრუნების შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ"

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-5 ტურში, „სევილიასთან“ სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანი პრესის წარმომადგენლებს გაესაუბრა და შეხვედრა შეაფასა.

ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, „ბლანკოსმა“ მისი დაბრუნების შემდეგ საუკეთესო თამაში სწორედ გუშინ, „რამონ სანჩეს პისხუანზე“ აჩვენა.

„ბედნიერი ვარ და მინდა, ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვება მივულოცო, მათ კოლექტიური და გამართული თამაში აჩვენეს. ვფიქრობ, ჩემი დაბრუნების შემდეგ საუკეთესო მატჩი სწორედ დღეს ჩავატარეთ.

თითოეული ფეხბურთელი ერთმანეთს ეხმარებოდა, რის გამოც რთულ მომენტებს თავი ღირსეულად გავართვით. დაცვაში კარგად ვითამაშეთ და ასევე ტაქტიკური კუთხითაც თამაშს მშვენივრად ვკითხულობდით.

ბენზემამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოგვიტანა, თუმცა ყველა ფეხბურთელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვიცით, რომ შეტევაში მეტი შანსი უნდა შევქმნათ, მაგრამ დღეს მეტოქის დაცვაც გამართულად მუშაობდა“.

საგულისხმოა, რომ „სამეფო კლუბმა“ დაცვაში ეფექტური თამაშით, მეტოქეს კარში ზუსტად დარტყმის საშუალება არ მისცა. ასეთი რამ მადრიდელებს 2016 წლის აგვისტოს შემდეგ არ ჰქონდათ გაკეთებული - მაშინ მათ „სოსიედადს“ აჯობეს.

„რეალმა“ „სევილია“ გასვლით შეხვედრაში 2015 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა, რითაც „სანჩეს პისხუანზე“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ზიდანის გუნდი 11 ქულით, „ბილბაოსთან“ ერთად, ლა ლიგის თანალიდერია. „ბლანკოსი“ ჩემპიონატის შემდეგ ტურში „ოსასუნას“ უმასპინძლებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები