Aa
Aa

ლევანდოვსკის მეორასე გოლი "ბაიერნის" მაისურით

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა. „რეკორდმაისტერმა“ საკუთარ კედლებში „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და მეტოქეს 3-0 სძლია.

გერმანული გრანდის რიგებში თავი კომანმა, მიულერმა და ლევანდოვსკიმ გამოიჩინეს. ამ უკანასკნელისთვის სერბული გუნდის კარში შეგდებული ბურთი ისტორიული გამოდგა. პოლონელმა ფეხბურთელმა „ბაიერნის“ მაისურით თავისი მეორასე გოლი გაიტანა.

„რეკორდმაისტერის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ლევანდოვსკი მხოლოდ რაინერ ოლჰაუზერს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს და გერდ მიულერს ჩამორჩება.

„ცრვენა ზვეზდასთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ 31 წლის ცენტრფორვარდმა ჟურნალისტებისთვისაც გამონახა დრო და მათთან საუბრისას მატჩი შეაფასა.

„საერთო ჯამში კარგად ვიასპარეზეთ. მაღალ ტემპში ვთამაშობდით და ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით, თუმცა უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ვუტევდით. საბოლოოდ მხოლოდ სამი გოლი შევაგდეთ, მაგრამ იყო შანსი ხუთი ან ექვსი გაგვეტანა“.

„ასეთი მატჩები საჭიროა, რათა დაინახო თუ რომელ კომპონენტში გაქვს მოსამატებელი. მეორე გოლის შემდეგ ყველაფერი გამარტივდა. მიხარია, რომ მეტოქე გუნდის კარის აღება შევძელი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები