ლეონარდო:
Aa
Aa

ლეონარდო: "ნეიმარის გარშემო მექსიკური საპნის ოპერის შექმნა საჭირო არაა"

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორი, ლეონარდო აცხადებს, რომ ნეიმართან დაკავშირებით ყველაფერი გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაა. თუმცა პრესის წარმომადგენლებს მოუწოდებს ბრაზილიელი ფეხბურთელის სამომავლო გეგმების განხილვა შეწყვიტონ.

როგორც მოგეხსენებათ ზაფხულში „ნეის“ კლუბის დატოვება და „კამპ ნოუზე“ დაბრუნება სურდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 27 წლის ფეხბურთელი იძულებული გახდა „პარკ დე-პრენსზე“ დარჩენილიყო და წლევანდელ სეზონში პსჟ-ს მაისური პირველად „სტრასბურგის“ წინააღმდეგ მოირგო. ფრანგული გრანდის ქომაგებმა ნეიმარს უსტვინეს. ამ უკანასკნელმა კი 92-ე წუთზე გამარჯვების გოლი შეაგდო.

ლეონარდოს მიაჩნია, რომ „ნეის“ უსამართლოდ ექცევიან და მის ყველა განცხადებასა და ქმედებას არ უნდა აკრიტიკებდნენ. ბრაზილიელმა თანამემამულის შესახებ RMC Sport-თან ისაუბრა და აღნიშნა: „ნეიმარმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ გუნდში პოზიტიური განწყობით დაბრუნდა“.

„სანაკრებო პაუზის შემდეგ, ნეი ვარჯიშებზე დროულად გამოცხადდა და კარგად იქცეოდა. მან მძიმე გარემოში კარგი მატჩი ჩაატარა და ულამაზესი გოლიც შეაგდო. ყველაფერი ჰოლივუდის სცენარით განვითარდა. შეხვედრის შემდეგ კი გულახდილად ისაუბრა და მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა“.

„რა თქმა უნდა ყველაფერს სიტყვასიტყვით თუ ჩავუღრმავდებით, ნიუანსებს აუცილებლად ვიპოვით. თანაც დღესდღეობით დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ ნეიმართან დაკავშირებით ყველაფერი გადაწყვეტილია, თუმცა მის გარშემო მექსიკური საპნის ოპერის შექმნა საჭირო ნამდვილად არაა“.

„ნეიმარი კარგი ბიჭია. იგი საფეხბურთო მემკვიდრეობის ნაწილი გახლავთ. ორი აზრი არაა, რომ მასთან ერთად პსჟ უკეთესი გუნდია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები