Aa
Aa

ვან დერ სარმა ამ ეტაპზე "მანჩესტერი" გამორიცხა

რიო ფერდინანდის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სპორტული დირექტორის თანამდებობას კიდევ ერთ ყოფილ ფეხბურთელ ედვინ ვან დერ სარს სთავაზობს.

ბრიტანული პრესა ამ საკითხზე ბოლო დღეებში აქტიურად წერს და საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჟურნალისტები კომენტარისთვის თავად ლეგენდარულ ჰოლანდიელსაც დაუკავშირდნენ.

„არა, ამ ეტაპზე ეს თემა არ განიხილება, რადგან „აიაქსის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ვარ და მხოლოდ მის შესრულებაზე ვარ ფოკუსირებული. ჩვენ ფანტასტიკური წელი გვქონდა, როგორც ევროპაში, ასევე ჰოლანდიაში და გვსურს, რომ ჩვენი გუნდი ევროპულ საფეხბურთო ელიტაში დავაბრუნოთ.

ამსტერდამულ კლუბში გატარებული თითოეული წუთით სიამოვნებას ვიღებ. ჩვენ გასულ სეზონში უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ და უნდა გვჯეროდეს, რომ ასეთ სიმაღლეზე დარჩენის საუკეთესო შესაძლებლობა გვაქვს“.

ედვინ ვან დერ სარი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2005-2011 წლებში ასპარეზობდა. მან „წითელ ეშმაკებთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 4-ჯერ პრემიერ ლიგა მოიგო.

რაც შეეხება „იუნაიტედში“ სპორტული დირექტორის თანამდებობას, ის დღემდე არ არსებობს და ფერდინანდსა და ვან დერ სარს განსაკუთრებული პირობებით შესთავაზეს - ორივეს შეეძლო, კლუბის ისტორიაში პირველი სპორტული დირექტორი გამხდარიყო.

ამ ფუნქციას 2005 წლიდან მოყოლებული ედ ვუდვარდი ასრულებს, რომელიც ოფიციალურად კლუბის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს, თუმცა „მანკუნიანელთა“ არაერთ სხვა სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები