მან. სიტიმ აპელაცია შეიტანა | კლუბის განცხადებით, დასკვნა დაუსაბუთებელია
პრემიერ ლიგის ვერდიქტის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ აცხადებს, რომ აპელაციას მიმართავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უდანაშაულოა.
კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ: „საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ სიტი“ ადასტურებს, რომ 1 ოქტომბერს, ხუთშაბათს, საღამის 7 საათზე, კლუბმა შეიტანა სრულყოფილი აპელაცია პრემიერ ლიგის კომისიის დასკვნის წინააღმდეგ, რომელიც პრემიერ ლიგის სადისციპლინო საქმეს ეხება.
კლუბის ურყევი პოზიციაა, რომ დასკვნა, მრავალი საფუძვლიდან გამომდინარე, შეიცავს მკაფიო არსებით შეცდომებს სამართლებრივ, პრინციპულ და ფაქტობრივ საკითხებში და ის დაუსაბუთებელია.
კლუბი უდანაშაულოა პრემიერ ლიგის მიერ წაყენებულ ბრალდებებში და არსებობს შეუდრეკელ მტკიცებულებათა მყარი ერთობლიობა, რომელიც ამტკიცებს კლუბის ყველა პოზიციას ამ საქმესთან დაკავშირებით.
ჩვენ გავაგრძელებთ საპროცესო ნორმების პატივისცემას და, აუცილებლობიდან გამომდინარე, შეზღუდულნი ვართ დამატებითი კომენტარის გაკეთებაში სანამ ყველა სამართლებრივი პროცედურა არ დასრულდება“.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტის“ საქმეზე დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილების დეტალები ცნობილია. კერძოდ, როგორც პრემიერლიგის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, „სიტი“ აფორმებდა აბუ-დაბიში მდებარე კომპანიებთან სასპონსორო შეთანხმებებს, რომელთა ოდენობაც საბაზრო ღირებულებას საგრძნობლად აღემატებოდა. თუმცა, როგორც გაირკვა, სპონსორები სრულ თანხას არ იხდიდნენ. მათ „სიტის“ ანგარიშებზე მხოლოდ „საბაზო თანხა“ შეჰქონდათ, ხოლო თანხის დანარჩენ ნაწილს კლუბის მფლობელი Abu Dhabi United Group-ი ფარავდა.
კლუბის საფინანსო დეკლარაციებში შემოსავლის სახით მხოლოდ „საბაზო თანხა“ უნდა ასახულიყო, „სიტი“ კი ამ ველში მთელ შემოსულ თანხას უთითებდა და მალავდა იმ ფაქტს, რომ ამ თანხის უდიდეს ნაწილს Abu Dhabi United Group-ი იხდიდა.
ასეთ სქემას კლუბი 2009-10 წლების სეზონიდან 2017-18 წლების სეზონამდე იყენებდა. ამ პერიოდში კლუბმა 949.94 მლნ გირვანქა სასპონსორო შემოსავლები დაადეკლარირა, რეალურად კი სპონსორებმა კლუდს მხოლოდ 119.25 მლნ გირვანქა გადაუხადეს, დანარჩენი კი (830.69 მლნ) Abu Dhabi United Group-მა დაფარა.
ცნობისთვის, დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომისიამ „სიტი“ ფინანსური რეგულაციების დარღვევის 115 ეპიზოდიდან 114-ში დამნაშავედ ცნო, ხოლო პრემიერლიგამ - 115 ეპიზოდში.