მსოფლიო ჩემპიონატი - საფრანგეთის ნაკრების ისტორიული გამარჯვება
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - საფრანგეთის ნაკრების ისტორიული გამარჯვება

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ტურნირის აშკარა ფავორიტის, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე გაგრძელდება. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგობა ვერ დაძლია და 79 - 89 დამარცხდა.

საფრანგეთმა აშშ-ს დიდი ბრძოლა გაუმართა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ამერიკელებმა ოფიციალური შეხვედრა 13 წლის შემდეგ პირველად წააგეს.

ვინსენ კოლეს გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი რუდი გობერმა დაიდო. „იუტა ჯაზის“ ცენტრმა აქტივში 21 ქულა, 16 მოხსნა და სამი დაფარება ჩაიწერა. გობერთან ერთად 22 ქულით ევან ფურნიე გამოირჩა. ნანდო დე კოლომ გუნდს 18 ქულა შესძინა. ფრანკ ნტილიკინამ კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

ამერიკელთა მხრიდან ერთადერთი ვინც ღირსეულად იასპარეზა, დონოვან მიჩელი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. მარკუს სმარტმა თავი 11 ქულას მოუყარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი 4 საჯარიმო ტყორცნა გააფუჭა. კემბა უოკერმა კი 10 ქულა დააგროვა.

ამრიგად საფრანგეთმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა და ფინალში გასასვლელად არგენტინას შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები