3X3 კლათბურთში ევროპის ჩემპიონები გამოვლინდნენ
3X3 U18 ევროპის თასის გათამაშება დასრულდა. ტურნირი, რომელსაც თბილისმა პირველად უმასპინძლა, ლიეტუვისა და ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამ ქვეყნებმა მოიპოვეს ჩემპიონატის ოქროს მედლები: ვაჟებში – ლიეტუვამ, ხოლო გოგონებში – ესპანეთმა.
ევროპის თასის დასკვნით დღეს გაიმართა პლეიოფის შეხვედრები, რომლებიც საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. რამდენიმე მატჩში გამარჯვებულის გამოვლენას დამატებითი დრო დასჭირდა. პლეიოფის მატჩები წარმატებით დაძლიეს და ფინალში გავიდნენ ესპანეთისა და გერმანიის გოგონათა ნაკრებები, ხოლო ვაჟებში საჩემპიონო შეხვედრაში ასპარეზობის უფლება ლიეტუვამ და საფრანგეთმა მოიპოვეს.
ორივე ფინალურ მატჩში რიყის პარკში შეკრებილმა მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. თავდაპირველად ჩემპიონი გოგონებში გამოვლინდა. ესპანეთმა დაძაბულ ბრძოლაში 17:16 დაამარცხა გერმანიის ნაკრები, ხოლო ვაჟთა ფინალში ლიეტუვამ საფრანგეთს 21:14 მოუგო.
დაჯილდოების ცერემონიალმა სავსე ტრიბუნებისა და მაყურებელთა ოვაციების ფონზე საკმაოდ ემოციურად და შთამბეჭდავად ჩაიარა. ღონისძიება პრიზების გადაცემით და ულამაზესი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა – კამილ ნოვაკმა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა – პაატა გურასპაულმა და გენერალურმა მდივანმა – გიორგი ქართველიშვილმა, ასევე 3X3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – გიგა გურგენიძემ.