Aa
Aa

"ინტერის" ფანებმა ლუკაკუს მიმართეს - "ეს რასიზმი არ იყო"

მილანის „ინტერის“ ოფიციალურმა ფან-კლუბმა „კურვა ნორდმა“ სერია A-ს მეორე ტურში „კალიარისთან“ სტუმრად გამართული მატჩისას მომხდარი ფაქტის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„ნერაძურის“ ტიფოზები რომელუ ლუკაკუს მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ ის, რაც „სარდინია არენაზე“ მოხდა, რასიზმად არ უნდა ჩაითვალოს, რასაც იტალიური გულშემატკივრობის სპეციფიკით ხსნიან.

„გამარჯობა რომელუ, გწერთ „კურვა ნორდის“ სახელით. დიახ, ჩვენ ვართ ის ბიჭები, რომელიც შენს ჩამოსვლას გულთბილად შეხვდნენ. ვწუხვართ, რომ რაც კალიარიში მოხდა, რასიზმად მიგაჩნიათ.

თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ იტალია არ ჰგავს ჩრდილოეთ ევროპის ბევრ ქვეყანას, სადაც რასიზმი ნამდვილი პრობლემაა. ჩვენთან მულტი-ეთნიკური ფანები არიან, რომლებიც ნებისმიერი წარმომავლობის ფეხბურთელს პატივს სცემენ. თუმცა, საყვარელი გუნდის მხარდაჭერის ჩვენებური მეთოდები გვაქვს, რაც არა - რასიზმს, არამედ მეტოქეების გაღიზიანებას და მათ სათამაშო რიტმიდან ამოგდებას გულისხმობს.

თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ იტალიის სტადიონებზე ტიფოზები თავიანთ საყვარელ გუნდებს გულშემატკივრობენ და მათ მხარდასაჭერად სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ, რომელთა შორისაც რასიზმი ნამდვილად არაა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ფანების ეს დამოკიდებულება და ის საკუთარი გუნდისადმი პატივისცემის ფორმად აღიქვათ. ნამდვილი რასიზმი სრულიად განსხვავებული თემაა და ეს ჩვენ, იტალიელმა ფანებმა, ძალიან კარგად ვიცით.

ასე რომ, ჩვენ, „კურვა ნორდი“ რასისტები არ ვართ და რასისტები არ არიან არც „კალიარის“ ტიფოზები. გთხოვთ, დაგვეხმაროთ განისაზღვროს რა არის რასიზმი რეალურად და რომ იტალიელი გულშემატკივრები რასისტები არ არიან“.

შეგახსენებთ, რომ „კალიარისთან“ მატჩის დასრულების შემდეგ ლუკაკუმ „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას რასიზმის მსხვერპლი გახდა და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები