Aa
Aa

იკარდი: "ეს ჩემს კარიერაში წინგადადგმული დიდი ნაბიჯია"

„პარი სენ ჟერმენის“ არგენტინელმა ახალწვეულმა, მაურო იკარდიმ, ფრანგულ პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა. 26 წლის თავდამსხმელის თქმით, ეს მის კარიერაში წინგადადგმული დიდი ნაბიჯია.

„შესანიშნავია, რომ ასეთი უნიჭიერესი ფეხბურთელების კომპანიაში თამაშის საშუალება მეძლევა. გადაწყვეტილების მიღება მარტივი იყო, პარიზში სწორედ იმიტომ ჩამოვედი, რომ მათ გვერდით ვითამაშო.

რა თქმა უნდა, არგენტინელებს კარგად ვიცნობ, ასევე ვიცნობ ედინსონ კავანის, ნეიმართან შეხვედრაც მომიწია და ვამაყობ, რომ მათი თანაგუნდელი გავხდი. თავდამსხმელი ვარ და გოლების გატანა მომწონს, თანაც ორმაგად სასიხარულოა, რომ ამ საქმეში ასეთი ბრწყინვალე შემტევები დამეხმარებიან.

ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ, რადგან ეს ჩემს კარიერაში წინგადადგმული დიდი ნაბიჯია, განსაკუთრებულია ისეთ კლუბში გადასვლა, როგორიც „პარი სენ ჟერმენია“. იმედია, აქ ბევრი კარგი რამ გადამხდება.

პრინციპულ მეტოქეებთან თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია, მითამაშია „იუვენტუსისა“ და „მილანის“ წინააღმდეგ, ახლა კი მოუთმენლად ველი, ამ ტიპის მატჩებში საფრანგეთის მასშტაბით მივიღო მონაწილეობა.

სიმართლე გითხრათ, „პარკ დე პრენსზე“ თამაშის საშუალება აქამდე არ მომცემია და ჩემთვის ამ სტადიონზე პირველი თავგადასავალია. როგორი შეგრძნება იქნება, ამას შემდგომში გეტყვით“.

პსჟ-მ იკარდი „ინტერისგან“ იჯარით აიყვანა, შემდეგ ზაფხულს კი მისი 70 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება. იგი „ნერაძურიში“ 2013 წელს გადავიდა და კლუბის მაისურით ჯამში 124 გოლის გატანა შეძლო, რითაც „შავ-ლურჯთა“ ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-8 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები