ნეიმარის მორიგი მინიშნება
Aa
Aa

ნეიმარის მორიგი მინიშნება "ბარსას"... ტუხელი მოთმინებას კარგავს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირა რჩება და ნეიმარის მომავალი ჯერაც გაურკვეველია.

კვირას „ბარსამ“ ლა ლიგის პირველი საშინაო მატჩი გამართა და პირველი 3 ქულა მოიპოვა. კატალონიელებმა „ბეტისს“ ლამაზ სტილში 5:2 სძლიეს.

შეხვედრის მთავარი მოქმედი პირი ანტუან გრიზმანი გახდა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში ორი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და „ბარსა“ 2:1 დააწინაურა.

მატჩის შემდეგ სერხი რობერტომ და გრიზმანმა ინსტაგრამზე გამარჯვების აღსანიშნად ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც ნეიმარმა მალევე მოიწონა.

აღსანიშნავია, რომ პსჟ „ბარსელონას“ პარალელურად ლიგა 1-ში „ტულუზასთან“ თამაშობდა და როგორც ჩანს, ბრაზილიელი ორივე მატჩს ადევნებდა თვალს, ან საერთოდაც მხოლოდ „ბლაუგრანას“ ბურთაობას უყურებდა.

ეს ყველაფერი არ გამოპარვია ესპანურ პრესას, რომელმაც ინფორმაცია მალევე გაავრცელა.

მადრიდული AS-ი წერს, რომ პარიზელთა თავკაცმა ტომას ტუხელმა მოთმინება დაკარგა და ნეიმარის მომავლის გარკვევას რაც შეიძლება სწრაფად ითხოვს.

„ლეონარდომ (სპორტული დირექტორი) იცის, თუ რას ვფიქრობ მე ამ თემის შესახებ. ითამაშებს თუ არა ნეიმარი მომდევნო ტურში „მეცის“ წინააღმდეგ? არ ვიცი, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ასე რომ ყოფილიყო, მას დღესვე ვათამაშებდი“.

ეს სიტყვები ტუხელს ეკუთვნის, რომელმაც „ტულუზასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესასთან თავი ვერ შეიკავა.

ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბარსა“ პსჟ-ს ბოლო წინადადებას გაუგზავნის, რომელშიც გარკვეულ თანხასთან ერთად ივან რაკიტიჩი და უსმან დემბელეც იქნებიან.

პირველ ტურში ვალვერდემ რაკიტიჩი მეორე ნახევარში ცვლილებაზე ათამაშა, „ბეტისთან“ კი ხორვატი მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა, რასაც ესპანური პრესა ნეიმარის ტრანსფერს უკავშირებს.

როგორც პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა, ნეიმარი მოედანზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, თუ მისი მომავალი გარკვეული იქნება. როგორც ხედავთ ამ ეტაპზე ბრაზილიელის ბედი კვლავ გაურკვეველია.

ყველაფერი დარჩენილ 1 კვირაში გადაწყდება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები