Aa
Aa

ობლაკი ფელიქსს აქებს: "ტოპ კლასის მოთამაშე გადმოვიბირეთ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ გოლკიპერი, იან ობლაკი გუნდის ახალწვეულის, ჟოაო ფელიქსის თამაშით მოხიბლულია და დარწმუნებულია, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი უდიდეს წარმატებას მიაღწევს.

19 წლის შემტევმა „როხიბლანკოს“ მაისურით თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და „ლეგანესთან“ მატჩში, რომელიც სიმეონეს ბიჭებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს, შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

შეხვედრის შემდეგ ობლაკმა ადგილობრივ გამოცემებს ინტერვიუ მისცა და ახალგაზრდა თანაგუნდელი შეაქო.

„კლუბმა ფელიქსის შესაძენად ბევრი იშრომა და ყველა ვთანხმდებით, რომ ტოპ კლასის მოთამაშე გადმოვიბირეთ, რომელსაც შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს“.

„ჟოაო შესანიშნავად ასპარეზობს. იმედი გვაქვს ასე გააგრძელებს და ჩვენს გახარებას მომავალშიც შეძლებს“.

„ლეგანესთან თამაში ადვილი ნამდვილად არ გახლავთ და საკმაოდ მძიმე მატჩი ჩავატარეთ. გოლი ვიტოლომ შეაგდო, მაგრამ მთელმა გუნდმა უმაღლეს დონეზე იასპარეზა. თავი კარგად დავიცავით და სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ“.

„ატლეტიკომ“ ლა ლიგაში მეორე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილს „სევილიასთან“ ერთად ლიდერობს. დიეგო სიმეონეს ბიჭები მომდევნო შეხვედრას 1 სექტემბერს გამართავენ და „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ეიბარს“ შეერკინებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები