Aa
Aa

16-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა 9:0 დაამარცხა და უეფა-ს "განვითარების თასის" გამარჯვებული გახდა!

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფა-ს "განვითარების თასის" ბოლო ტურში მასპინძელი ლიეტუვა 9:0 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ჩვენი გუნდიდან 2-2 გოლი ლუკა წულუკიძემ და გიორგი გოჩიაშვილმა გაიტანეს, თითოჯერ კი თავი ლუკა მამულაშვილმა, ლუკა ჭელიშვილმა, ჭაბუკი ლაბაძემ, გიორგი ხაბულიანმა და საბა გეგიაძემ გამოიჩინეს.

2-2 საგოლე პასი ლუკა მამულაშვილმა და ომარ თოდუამ მიითვალეს, თითოჯერ კი თანაგუნდელებს ლუკა ჭელიშვილმა და საბა გეგიაძემ გაატანინეს.

საქართველოს ნაკრებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყოჯოჯუა, გრიგალაშვილი, პირტახია, გოგებაშვილი, ჯანაშია, ლაბაძე, ნოზაძე, ჭელიშვილი, მამულაშვილი, წულუკიძე, გოჩიაშვილი. 

შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, გაფრინდაშვილი, ხიმშიაშვილი, გეგიაძე, ლაცაბიძე, ხაბულიანი, ოჩიგავა, თოდუა.

ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა დღევანდელ შეხვედრამდე კიდევ 2 მატჩი გამართა და ჯერ მოლდოვას - 4:0, შემდეგ კი ბოსნიას 3:0 აჯობა. 

როგორც ხედავთ, ქართველმა თინეიჯერებმა ტურნირის სამივე თამაში სუპერდამაჯერებლად მოიგეს, ჯამში 16 გოლი გაიტანეს, თავიანთ კარში კი 1 ბურთიც არ მიუღიათ.

ნაკრების ძირითად ბირთვს სფფ-ის აკადემიისა და თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები შეადგენდნენ, "საბურთალო" კი 2 მოთამაშით გახლდათ წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი მომავალ წელს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს, რომლის ეგიდითაც მისი მეტოქეები პორტუგალიის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან. ჩვენი ჯგუფის მატჩები 2020 წლის 13-19 ნოემბერს გაიმართება.

ჯგუფებში საუკეთესო შედეგის მქონე 2-2 ნაკრები ელიტ რაუნდში გავა, ასევე მათ 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები