Aa
Aa

"მანჩესტერში" შიშობენ, რომ სულშერის გადაწყვეტილებას პოგბაზე ცუდი გავლენა ექნება

„ვულვზთან“ გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნნარ სულშერმა პოლ პოგბას პენალტების შესრულების უფლება ჩამოართვა. ნორვეგიელმა სპეციალისტმა თავის შეგირდებს გასახდელშივე აუწყა, რომ ამიერიდან თერთმეტმეტრიანებს მარკუს რაშფორდი დაარტყამს.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით „იუნაიტედის“ ფეხბურთელები სულშერის გადაწყვეტილებით შოკირებულები არიან და შიშობენ, რომ ეს ყველაფერი პოგბაზე უარყოფითად იმოქმედებს.

ფრანგ ფეხბურთელს, რომელიც კაპიტნის სამკლაურს ატარებს გასახდელში დიდი გავლენა აქვს. „წითელი ეშმაკების“ მოთამაშეები თვლიან, რომ სულშერის არჩევანი, პრობლემებს გააჩენს, პოგბას გაანაწყენებს და იგი „ოლდ ტრაფორდის“ დატოვებაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდება.

აღსანიშნავია, რომ „ვულვზთან“ მატჩის შემდეგ პოგბამ თანაგუნდელებს მოუბოდიშა, მაგრამ „იუნაიტედის“ თავკაცის კრიტიკას მაინც ვერ გადაურჩა.

The Sun-ის ცნობით „მანჩესტერის“ ფეხბურთელების ვარაუდი რეალობისგან შორს ნამდვილად არაა, თუმცა ბრიტანული ტაბლოიდი დასძენს, რომ ყველაფერი ოლე გუნარ სულშერზე იქნება დამოკიდებული. ნორვეგიელმა სპეციალისტმა სიტუაცია უნდა დაალაგოს და მაქსიმუმი გააკეთოს, რომ ფრანგმა სუპერვარსკლავმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები