Aa
Aa

"სიტიმ" კომპანის გამოსამშვიდობებელი მატჩი დააანონსა

„მანჩესტერ სიტიმ“ მისი ყოფილი კაპიტნის, ვენსან კომპანის, გამოსამშვიდობებელი მატჩი დაანონსა და მასში მონაწილე ფეხბურთელთა ნაწილი დაასახელა. შეხვედრა „სიტის“ ლეგენდებსა და პრემიერ ლიგის ყველა ვარსკვლავს შორის 11 სექტემბერს გაიმართება.

„სიტის“ ლეგენდების შემადგენლობაში ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებიც წლების განმავლობაში კომპანის თანაგუნდელები იყვნენ - ჯო ჰარტი, ჯოლეონ ლესკოტი, მიკა რიჩარდსი, პაბლო საბალეტა, უეინ ბრიჯი, გარეტ ბერი, ნაიჯელ დე იონგი, სამირ ნასრი, შონ რაიტ-ფილიპსი, სტივენ აირლენდი და კრეიგ ბელამი. გუშინ ამ სიას მარიო ბალოტელიც დაემატა, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ბრეშაში“ გადავიდა, კომპანისთან ერთად „სიტიში“ კი 2010-2013 წლებში თამაშობდა.

„ქალაქელთა“ ლეგენდების გუნდს პეპ გუარდიოლა უხელმძღვანელებს, ხოლო პრემიერ ლიგის ყველა ვარსკვლავს რობერტო მარტინესი დაარიგებს. მატჩი „ეტიჰედ სთედიუმზე“ ჩატარდება და მასზე დასასწრები ბილეთების ფასი 20-დან 30 ფუნტამდე მერყეობს.

ვენსან კომპანიმ „სიტის“ რიგებში 11 წლის განმავლობაში ითამაშა, ბოლო 8 წელი კი საერთოდ გუნდის კაპიტანი გახლდათ. იგი რამდენიმე თვის წინ მშობლიურ „ანდერლეხტს“ მოთამაშე-მწვრთნელის რანგში შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები