„რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ - ნეიმარისთვის ბრძოლა გრძელდება
Aa
Aa

„რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ - ნეიმარისთვის ბრძოლა გრძელდება

ესპანურ პრესაში ნეიმარის სამომავლო გეგმები აქტიური განხილვის საგანია. ბრაზილიელი ფეხბურთელის შესახებ ყოველდღიურად ახალი ცნობები ვრცელდება. „ნეის“ აქამდე „რეალსა“ და „ბარსელონას“ უკავშირებდნენ. რამდენიმე საათის წინ კი ბრძოლაში ტურინის „იუვენტუსი“ ჩაერთო.

იუვენტუსი

როგორც მოგეხსენებათ „ბებერი ქალბატონის“ სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ ფრანგებს მეგა-წინადადებით მიმართა. „ბიანკონერი“ მზადაა „ნეის“ სანაცვლოდ დიბალა დათმოს და პსჟ-ს დაახლოებით 100 მილიონი ევრო გადაუხადოს. თანაც "იუვეს" ბოსები ნეიმარს ჰპირდებიან, რომ „ალიანც სთედიუმზე“ გადასვლის შემთხვევაში, ზუსტად იგივე ხელფასი ექნება, რასაც „პარკ დე-პრენსზე“ იღებს. 

Mundo Deportivo იუწყება, რომ ნეიმართან წარუმატებლობის შემთხვევაში, "იუვეს" სათადარიგო ვარიანტი უსმან დემბელეა, რომელზეც ტურინელები დიბალას პსჟ-სთვის მიყიდვის შემთხვევაში დაფიქრდებიან. ასე რომ "ბიანკონერიმ" შესაძლოა სხვა გზა აირჩიოს.

ბარსელონა

კატალონიური გამოცემა Sport იტყობინება, რომ „ბლაუგრანა“ მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ 160 მილიონი ევრო გადაიხადოს, ოღონდ გაისად! „ბარსას“ მესვეურებმა გუშინ შეხვედრა გამართეს, სადაც „ნეის“ ტრანსფერი განიხილეს.

„კამპ ნოუს“ ბინადრების ხელმძღვანელები შეჯერდნენ, რომ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, თუმცა პრობლემა ის გახლავთ, რომ პსჟ ბრაზილიელი სუპერვარსკლავის განათხოვრებას აღარ აპირებს! Sport-ის მიხედვით პარიზში სჯერათ, რომ „ბარსელონას“ საკმარისი ფინანსური რესურსი არც გაისად ექნება და გამოსასყიდი თანხის გადანაწილებას მოითხოვს, რაც ფრანგული გრანდისთვის იდეალური ნამდვილად არ გახლავთ.

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორი, ლეონარდო ნეიმარის სანაცვლოდ მაქსიმალურად დიდი თანხის ან სარფიანი წინადადების მიღებაზეა ორიენტირებული და „ბარსას“ შეთავაზება არ ხიბლავს. ის ფაქტი კი, რომ კატალონიელებმა კოუტინიო „ბაიერნში“ გაანათხოვრებს, „ბარსელონას" შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

რეალი

დაბოლოს, "რეალის“ მესვეურები მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან და იმედიანად არიან განწყობილი. Marca-ს ინფორმაციით „ბლანკოსის“ მმართველებს სჯერათ, რომ ნეიმარის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლა დროის ამბავია და ადრე თუ გვიან „პარი სენ-ჟერმენი“ და ნეიმარი არსებული პრობლემების გადაჭრას „სამეფო კლუბის“ დახმარებით შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები