Aa
Aa

"ბრეშამ" ბალოტელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

სერია A-ს დებიუტანტმა „ბრეშამ“ მარიო ბალოტელის სატრანსფერო თავგადასავალი დაასრულა და იგი საკუთარ ფეხბურთელად გამოაცხადა. კლუბმა ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გუშინ გვამცნო, თუმცა განცხადებაში კონტრაქტის ზუსტი ვადა მითითებული არაა. უბრალოდ ნათქვამია, რომ „ბალოს“ ხელშეკრულება რამდენიმე წელზე იქნება გათვლილი.

29 წლის თავდამსხმელი ლომბარდიაში დღეს ჩავა და ახალი კლუბის მოთამაშის რანგში ფართო საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგება. იგი „ლე რონდინელესგან“ წლიურად 1.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც გოლის გატანის, ჩატარებული მატჩების, ნაკრებში გამოძახებისა და „ბრეშას“ მიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაბამისი ბონუსებიც დაემატება.

მარიო ბალოტელისთვის ბრეშა პრაქტიკულად მშობლიური ქალაქია, თუმცა „ბიანკაძურის“ მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია. ფეხბურთელი სიცილიაზე დაიბადა, 2 წლიდან კი ბრეშაში იზრდებოდა, სადაც მისი აღმზრდელი ოჯახი ამჟამადაც ცხოვრობს.

„სუპერ მარიომ“ ბოლო 3 სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, „ნიცასა“ და „მარსელის“ რიგებში გაატარა, იტალიის სერია A-ს კი 2016 წლის შემდეგ უბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები