რაზე შეთანხმდნენ „ბარსა“ და პსჟ? „რეალის“ ახალი წინადადება
Aa
Aa

რაზე შეთანხმდნენ „ბარსა“ და პსჟ? „რეალის“ ახალი წინადადება

ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე ჯერჯერობით არაფერია გარკვეული, თუმცა გუშინ პსჟ-სა და „ბარსელონას“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო. კატალონიური გამოცემა Sport-ის ცნობით ამ შეხვედრამ ნაწილობრივ შედეგი გამოიღო და მხარეები ერთ საკითხზე შეთანხმდნენ.

Sport-ის მიხედვით „ბლაუგრანა“ ტრანსფერში ფილიპე კოუტინიოსა და ივან რაკიტიჩს ჩართავს. ბრაზილიელი ფეხბურთელის სახელი „ბარსას“ ხელმძღვანელებმა გააჟღერეს, რაკიტიჩი კი „პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს სემედუ და დემბელე სურდა, თუმცა კატალონიელებმა მათი გადარწმუნება მოახერხეს.

Sport-ის თანახმად ახლა გუნდები თანხაზე უნდა შეჯერდნენ, რომელსაც „ბარსელონა“ გადაიხდის. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, ფრანგებს კოუტინიოსთან და რაკიტიჩთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება მოუწევთ და დასტურის მიღების შემთხვევაში, ყველაფერი გაოფიციალურდება. თუმცა არის შანსი პარიზელებმა კიდევ ერთი ფეხბურთელი მოითხოვონ.

„ბარსელონასთან“ ერთად „ნეისთვის“ „რეალიც“ იბრძვის. Sport-ის ინფორმაციით „სამეფო კლუბმა“ „პარკ დე-პრენსის“ ბინადრებს წინადადებით მიმართა და გარიგებაში ვინიციუსი ჩართო.

„ბლანკოსი“ დარწმუნებულია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის დახმარებით ძალთა ბალანსს შეცვლის და საჭირო უპირატესობას მოიპოვებს.

Sport ასევე იუწყება, რომ ნეიმარი "ბარსას" ქმედებებით კმაყოფილია და ახლა უფრო მეტად ფიქრობს საჯაროდ საკუთარი სურვილის დაფიქსირების შესახებ, ვიდრე ადრე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები