Aa Aa
13 აგვისტო 2019  |  19:51

მინასიანი:''ქართული ფეხბურთის ისტორია ''საბურთალოსთან'' მიმართებაში აისახება''

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''საბურთალო'' საპასუხო მატჩში ''მიხეილ მესხზე'' სომხეთის ჩემპიონ ''არარატ-არმენიას'' უმასპინძლებს.

ერევნის ''არარატის'' მთავარმა მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა ''საბურთალოსთან'' შეხვედრამდე ''მიხეილ მესხზე'' პრესკონფერენცია გამართა.

მინასიანი: ''ტაქტიკას შევცვლით. ერევანში პირველი ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა მეორე ტაიმი ჩავაგდეთ. ვეცდებით თბილისში ორივე ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატაროთ.

გუნდში კარგი განწყობაა. სომხეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გავიმარჯვეთ და გუნდში საბრძოლო განწყობაა. ვეცდებით კარგ ნოტაზე თამაში თბილისში გავაგრძელოთ.

ჩვენი ტაქტიკა დაბალანსებული იქნება. აქცენტს როგორც შეტევაზე, ასევე დაცვაში კარგად თამაშზე გავაკეთებთ. ვეცდებით გუნდის თამაშში ბალანსი ვიპოვოთ.

ხვალინდელ შეხვედრაში უფრო მეტად შეთამაშებულები ვიქნებით, რადგან უკვე ახალ ფეხბურთელებთან ერთად რამდენიმე მატჩი ჩავატარეთ. მათ შორის ''საბურთალოსთან'' პირველი მატჩის შემდეგ სომხეთის ჩემპიონატში 3 ქულა მოვიპოვეთ.

ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ ''საბურთალო'' ბევრად კარგ ვითარებაშია და აქედან გამომდინარე მეტოქე უფრო შეთამაშებულია.

''საბურთალოს'' ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს, ძალიან მალე თბილისური კლუბის რამდენიმე მოთამაშე ევროპულ კლუბში მოხვდება. ქართველებს ისტორიულად ნიჭიერი ფეხბურთელები გყავდათ, რაც ''საბურთალოსთან'' მიმართებაშიც აისახება.''

შეგახსენებთ, პირველ მატჩში ''არარატ-არმენია'' შინ ''საბურთალოსთან'' 1:2 დამარცხდა. საპასუხო მატჩი 14 აგვისტოს ''მიხეილ მესხზე'' გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

''საბურთალოსა'' და ''არარატ-არმენიას'' შორის გამარჯვებული ფლეი-ოფში ლუქსემბურგის ჩემპიონ ''დუდელანჟს'' შეხვდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები