ზინედინ ზიდანი საგონებელშია
Aa
Aa

ზინედინ ზიდანი საგონებელშია

მადრიდის "რეალმა" წინასასეზონო მზადება "რომასთან" ჯახით დაასრულა. იტალიელებთან მატჩში ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული „სამეფო კლუბი“ ვიხილეთ. პირველი - ულტრადაცვითი გუნდი და მეორე - შეტევებზე ორიენტირებული კოლექტივი, რომელსაც მოედანზე აზარი, ბენზემა, ვინიციუსი და იოვიჩი ჰყავდა.

"რომასთან" შერკინებამ "ბლანკოსში" არსებული პრობლემები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. გუნდს დაცვის ხაზი ფაქტობრივად არ ჰყავს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ფრანგი სპეციალისტის ბიჭებმა ამხანაგურ შეხვედრებში 18 გოლი გაუშვეს და გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ 2-ჯერ იზეიმეს.

სიტუაციის გამოსწორებას ზიდანი დიდი ხანია ცდილობს და "ზალცბურგთან" მატჩი ამის ნათელი დადასტურება გახლდათ. "ზიზუმ" ავსტრიელების წინააღმდეგ 3-5-2 ტაქტიკა გამოიყენა და "რეალმა" საკუთარი კარის მშრალად შენახვა მოახერხა. "რომასთან" დაპირისპირების წინ ფრანგმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა და ძირითად შემადგენლობაში დაცვაზე ორიენტირებული 7 ფეხბურთელი გამოიყვანა. ამჯერად ცენტრალური მცველების ფუნქციები ვარანმა, მილიტაუმ და ნაჩომ შეითავსეს. უკანახაზელთა ტრიოს წინ კაზემირო და ვალვერდე იყვნენ გამწესებულები, მაგრამ გეგმამ არ გაამართლა. 

ულტრადაცვითი სქემის მიუხედავად, მადრიდელებმა „რომას“ იერიშების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს. მარსელოს მიერ მე-16 წუთზე გატანილ გოლამდე, „ჯალოროსის“ სამი რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ კურტუას კარის აღება ვერ მოახერხა. თუმცა იტალიელებმა შეცდომა მალევე გამოასწორეს.

გაშვებული გოლის შემდეგ „ბლანკოსის“ უკანახაზში არაფერი შეცვლილა და „სამეფო კლუბის“ მცველები ოპონენტების შეჩერებას კვლავ ვერ ახერხებდნენ. პირველი ტაიმის მიწურულს "რომამ" მადრიდელთა კარი კიდევ ერთხელ დალაშქრა, ამჯერად ედინ ჯეკო გამოირჩა.

მეორე ნახევარში ზიდანმა გუნდის თამაში გადააწყო და 4 გამოკვეთილი შემტევით ითამაშა. ასეთი რადიკალური ცვლილება დიდი მოულოდნელობა გახლდათ, მაგრამ „რეალს“ ამანაც ვერ უშველა და „სამეფო კლუბის“ გამოსვლამ კრიტიკას მეორე ტაიმშიც ვერ გაუძლო.

ლა ლიგის სტარტი ახლოვდება. "ზიზუს" კი ბევრი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი. "ბლანკოსის" ქომაგებს მისი სჯერათ, მაგრამ მიზნის მიღწევა და სიტუაციის გამოსწორება ადვილი ნამდვილად არ იქნება. თანაც ხამესისა და ბეილის საკითხი კვლავ აქტუალურია, რაც გუნდში გაუგებრობას იწვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები