სულშერი დარწმუნებულია, რომ პოგბა დარჩება
Aa
Aa

სულშერი დარწმუნებულია, რომ პოგბა დარჩება

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სულშერი დარწმუნებულია, რომ პოლ პოგბა "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება. "მილანთან" გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, ნორვეგიელი სპეციალისტი პრესის წარმომადგენლებს შეხვდა და პოგბას გარშემო შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა.

"პოგბას ტრავმა არ აწუხებს. მას მცირე ტკივილები აქვს. გუშინ ვარჯიშის შემდეგ ვისაუბრეთ და მითხრა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. გუნდთან ერთად ამიტომ არ იმყოფება. მის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდი. პოგბა ვარჯიშს მომდევნო კვირაში განაახლებს და სავარაუდოდ ჩელსისთან გასამართი მატჩისთვის მზად იქნება".

ნორვეგიელმა პოგბას სამომავლო გეგმების შესახებაც გააკეთა კომენტარი. სულშერს ჰკითხეს დაიცავს თუ არა ფრანგი ნახევარმცველი "მანჩესტერის" ღირსებას მომდევნო სეზონშიც, რაზეც "იუნაიტედის" დამრიგებელმა განაცხადა: "დიახ და ამაში ეჭვიც არ მეპარება".

პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა 9 აგვისტოს იხურება. "წითელ ეშმაკებს" 26 წლის ნახევარმცველის გასხვისება 2 სექტემბრამდე შეეძლებათ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მის შემცვლელს ვერ შეიძენენ. ასე რომ პოგბას მსურველმა კლუბმა უნდა იჩქაროს, თორემ ნაკლებად სავარაუდოა 9 აგვისტოს შემდეგ, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები ფრანგი სუპერვარსკლავის გასხვისებას დათანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები