Aa
Aa

ანდრე სილვა "მონაკოში" გადადის - "მილანს" კორეასკენ გზა გაეხსნა?

პორტუგალიელი თავდამსხმელი, ანდრე სილვა, კარიერას ფრანგულ „მონაკოში“ გააგრძელებს. ინფორმაციას Sky Sport Italia და Sport Mediaset-ი ავრცელებენ, რომლებიც აღნიშნავენ, რომ სილვამ „მილანის“ ამერიკული შეკრება დატოვა და საფრანგეთში „მონაკოსთან“ კონტრაქტის გასაფორმებლად გაემგზავრა.

„მონეგასკები“ პორტუგალიელის ტრანსფერში 30 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც სამომავლოდ გადასახდელი ბონუსებიც დაემატება.

ანდრე სილვა „მილანის“ რიგებში 2017 წელს, 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და გასული სეზონი იჯარის წესით „სევილიაში“ გაატარა.

მილანელებს ანხელ კორეას სატრანსფერო თანხისთვის სწორედ სილვას გაყიდვა სჭირდებოდათ, ასე რომ, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში, წესით, გადამწყვეტი მოქმედებები უნდა შედგეს.

„როსონერიმ“ კორეასთან პირადი დეტალები უკვე შეათანხმა, მის კლუბ „ატლეტიკოსთან“ კი მოლაპარაკება ფასის თაობაზე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები