ოფიციალურად: დე ლიხტი
Aa
Aa

ოფიციალურად: დე ლიხტი "იუვენტინოა"! - ჰოლანდიელი ტურინში ჩავიდა

მატიის დე ლიხტი ტურინის „იუვენტუსის“ რიგებს ოფიციალურად შეუერთდა. 19 წლის ჰოლანდიელი ტურინში ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და „ბიანკონერისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„აიაქსმა“ ტრანსფერის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო მიიღო, რითაც დე ლიხტი კლუბის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული გასხვისებული ფეხბურთელი გახდა. აქამდე რეკორდი ფრენკი დე იონგს ეკუთვნოდა, რომელშიც „ბარსელონამ“ 67.5 მილიონი ევრო გადაიხადა.

„იუვეში“ დე ლიხტის წლიური ხელფასი დაახლოებით 12 მილიონი ევრო იქნება, ფეხბურთელი „ბებერი ქალბატონის“ 4-ნომრიან მაისურს მოირგებს.

მიმდინარე სატრანსფერო ბაზრისას დე ლიხტი „იუვენტუსის“ მე-7 შენაძენია. გუნდმა აარონ რემზი, ადრიენ რაბიო, ლუკა პელეგრინი, ჯანლუიჯი ბუფონი, მერიჰ დემირალი და კრისტიან რომეროც დაიმატა.

რაც შეეხებათ წამსვლელებს, „ვეკია სინიორას“ რიგები ანდრეა ბარძალიმ, მარტინ კასერესმა და ლეონარდო სპინაცოლამ დატოვეს.

აქვე დავამატოთ, რომ დე ლიხტთან ერთად ტურინში მინო რაიოლაც ჩავიდა, რომელსაც „იუვეს“ ტიფოზები შეძახილებით მისი კლიენტის, პოლ პოგბას, კლუბში დაბრუნებას სთხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები