Calciomercato:
Aa
Aa

Calciomercato: "რომა" მანჩინის ტრანსფერთან ერთ ნაბიჯშია!

ბერგამოს "ატალანტას" 23 წლის ცენტრალური მცველი, ჯანლუკა მანჩინი, დედაქალაქურ "რომაში" გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია. Calciomercato-ს ინფორმაციით, კლუბებმა ტრანსფერის ფინანსურ დეტალებზე პრაქტიკულად მოილაპარაკეს.

წყაროს თანახმად, "ჯალოროსის" ტანმაღალი უკანახაზელის გადაბირება ჯამში 25 მილიონი ევრო დაუჯდება, თუმცა ფეხბურთელი რომში პირველ სეზონს იჯარის წესით გაატარებს და კლუბი მას 1 წლის შემდეგ გამოისყიდის - იგივე სისტემაა, რომლითაც გასულ წელს "რომამ" იმავე "ატალანტასგან" ბრაიან კრისტანტე შეიძინა.

მანჩინი რომაელებს "ნაპოლიში" გადასულ კოსტას მანოლასის შემცვლელად ესახებათ. ფეხბურთელმა დასრულებულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანაც შეძლო.

როგორც იტალიური პრესა ვარაუდობს, მანჩინი, რომელსაც აპენინებზე თავისივე კუმირ მარკო მატერაცის ადარებენ, რომში კვირის ბოლომდე ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

შეგახსენებთ, რომ "გლადიატორებმა" ლეონარდო სპინაცოლა და ამადუ დიავარა უკვე დაიმატეს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი "შახტარის" ყოფილი დამრიგებელი პაულო ფონსეკა დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები