Aa
Aa

Cadena Ser - დე ლიხტის "ბარსელონაში" გადასვლა გამოირიცხა

ამსტერდამის „აიაქსის“ 19 წლის უკანახაზელის, მატიის დე ლიხტის „ბარსელონაში“ გადასვლა გამოირიცხა. ამ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა, Cadena Ser ავრცელებს.

„ბლაუგრანამ“ ახალგაზრდა მცველის გადასაბირებლად მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა დე ლიხტის აგენტმა, მინო რაიოლამ „ბარსას“ ბოლო წინადადებაც უარყო და ამის შემდეგ კატალონიურ კლუბს არაფერი მოუმოქმედებია.

„კამპ ნოუზე“ ყველა შეეგუა იმ ფაქტს, რომ დე ლიხტი მომდევნო სეზონში „ბარსელონას“ ღირსებას არ დაიცავს. ერთადერთი ვარიანტი ის გახლავთ, რომ მატიისმა უკან დაიხიოს და დათანხმდეს წინადადებას, რომელიც უკვე უარყო, რისი შანსიც პრაქტიკულად არ არსებობს.

„აიაქსის“ ერთ-ერთ ლიდერთან გამართულ მოლაპარაკებაში „ბლაუგრანას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუც იყო ჩართული. ამ უკანასკნელმა 19 წლის ფეხბურთელის დაყოლიება სცადა, მაგრამ ჰოლანდიელისგან თანხმობა ვერ მიიღო. ესპანური გამოცემის ცნობით დე ლიხტმა თავის აგენტს სრული ნდობა გამოუცხადა და თუ მინო რაიოლა კლუბს უარს ეტყოდა, იგი აუცილებლად მის პოციზიას გაიზიარებდა.

„ბარსელონაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი ფინანსურ საკითხებთანაა დაკავშირებული. დე ლიხტმა „ბლაუგრანას“ გაცილებით დიდი ხელფასი მოსთხოვა, ვიდრე კატალონიელებმა ფრენკი დე იონგს შესთავაზეს. ფეხბურთელის თქმით მას ბევრად უკეთესი წინადადებები ჰქონდა და როგორც ჩანს „ბარსამ“ დიდი კონკურენციის დაძლევა ვერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები