ბრანდტი და აზარი 5 წლით -
Aa
Aa

ბრანდტი და აზარი 5 წლით - "დორტმუნდი" ძლიერდება

ლუსიენ ფავრის "დორტმუნდს" ბუნდესლიგის მოსაგებად წელს ცოტა დააკლდა. გუნდმა რამდენიმე ქულა უაზროდ დაკარგა, რაც "ბაიერნმა" არ აპატია და ვერცხლის სინი კვლავ მიუნხენში წავიდა.

"ბორუსია" ახალი სეზონისთვის უკვე ემზადება და საქმის ნახევარი ფაქტიურად უკვე გაკეთებულიც აქვთ. ახალი სეზონიდან შავ-ყვითელ მაისურს 26 წლის ბელგიელი თორგან აზარი და 23 წლის გერმანელი იულიან ბრანდტი მოირგებენ.

"დორტმუნდმა" ბუნდესლიგის 2 ტალანტი გაიფორმა და შემადგენლობა სერიოზულად გააძლიერა.

ედენ აზარის უმცროსი ძმა ამპლუით გარემარბია. მას ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია, ძალიან სწრაფი და ტექნიკურია.

რაც შეეხება ბრანდტს, მისი გამოყენება ფავრს შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლება.

ორივე მოთამაშესთან კლუბმა კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. ალბათ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ რამდენიმე სეზონის შემდეგ ბრანდტისა და აზარის ფასი საგრძნობლად აიწევს და "დორტმუნდის" კართან ტრადიციულად გრანდების რიგი დადგება.

გასულ სეზონში აზარმა "გლადბახის" რიგებში 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრანდტმა კი "ლევერკუზენის" შემადგენლობაში 7 გოლი შეაგდო და აქტივში 14 "ასისტი" ჩაიწერა.

აქვე გეტყვით, რომ ლუსიენ ფავრის გუნდი "ბარსას" 22 წლის ბრაზილიელით მალკომითაც ინტერესდება და მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა. მის ხელში ჩასაგდებად "დორტმუნდს" კონკურენციას "ტოტენჰემი" გაუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები