Aa
Aa

"გოლდენ სტეიტი" დაწინაურდა - "მეომრებმა" "პორტლენდს" შანსი არ დაუტოვეს

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „გოლდენ სტეიტმა“ დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა. დურანტისა და კაზინსის გარეშე მოასპარეზე „უორიორზმა“ საკუთარ კედლებში დემიენ ლილარდის „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ უმასპინძლა და მეტოქეს უპრობლემოდ, 116 – 94 სძლია.

სტივ კერის ბიჭები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ და სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებიათ. „გოლდენ სტეიტის“ წარმატებაში ლომის წვლილი კარი-ტომპსონის დუეტს მიუძღვის, რომელმაც 62 ქულა მიითვალა. „მეომრების“ უკანახაზელების გარდა ერთადერთი ვინც 10 ქულიანი ნიშნული გადალახა დრეიმონდ გრინი იყო. 29 წლის მძიმე ფორვარდმა 12 ქულასთან ერთად 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

„პორტლენდის“ მხრიდან 19 ქულით დემიენ ლილარდი გამოირჩა. მო ჰარკლისმა, სი ჯეი მაკკოლუმმა და როდნი ჰუდმა 17-17 ქულა დააგროვეს. ენეს კანტერმა კი გუნდს ორმაგი დუბლი შესძინა - 10 ქულა, 16 მოხსნა.

„ტრეილ ბლეიზერსმა“ პირველი შეხვედრა საშინლად ჩაატარა და ასეთი თამაშით ფონს გასვლა ძალიან გაუჭირდება. „პორტლენდს“ სიტუაციის გამოსწორების შანსი 17 მაისს მიეცემა, როცა „გოლდენ სტეიტს“ კვლავ ოკლენდში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები