Aa
Aa

დურანტი "პორტლენდთან" საწყის ორ შეხვედრას გამოტოვებს

NBA-ის მოქმედ ჩემპიონს, „გოლდენ სტეიტს“ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. ESPN-ის მიხედვით „მეომრები“ დასავლეთ კონფერენციის ფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრას ერთ-ერთი ლიდერის, კევინ დურანტის გარეშე ჩაატარებენ.

„კეიდიმ“ „ჰიუსტონთან“ მატჩში წვივის კუნთის ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. დურანტი დიდი ალბათობით „ტრეილ ბლეიზერსთან“ სერიის მეორე შეხვედრასაც გამოტოვებს და „პორტლენდს“ შანსი ექნება უპირატესობა მოიპოვოს.

30 წლის მსუბუქი ფორვარდის გარდა „გოლდენ სტეიტს“ ვერც დემარკუს კაზინსი დაეხმარება. ამერიკულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ დასავლეთ კონფერენციის ფინალისთვის კაზინსი მზად იქნებოდა, მაგრამ ოკლენდელთა ცენტრს არ გაუმართლა. თავად დემარკუსი თვლის, რომ პარკეტზე გასვლა შეუძლია, თუმცა „მეომრების“ სამედიცინო შტაბი კალათბურთელის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებას არ აპირებს.

წლეულს დურანტი ფენომენალურად თამაშობს და ოპონენტებს მისი შეჩერება ძალიან უჭირთ. მიმდინარე პლეიოფში „კეიდიმ“ 11 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 34.2 ქულას აგროვებს. რაც შეეხება კაზინსს, მან პლეიოფის მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

დასავლეთ კონფერენციის ფინალი სტარტს 15 მაისს აიღებს. „გოლდენ სტეიტისა“ და „პორტლენდის“ პირველი ჯახი ოკლენდში გაიმართება და თბილისის დროით 05:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები