Aa
Aa

დურანტი დაიმტვრა მაგრამ "გოლდენ სტეიტმა" მაინც მოიგო

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, "გოლდენ სტეიტმა", კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონის აშკარა ფავორიტია. გამთენიისას "უორიორსმა" საკუთარ კედლებში ჯეიმს ჰარდენის "ჰიუსტონს" უმასპინძლა და ტექსასური გუნდი უმძიმეს ბრძოლაში 104 - 99 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი "მეომრების" სრული უპირატესობით წარიმართა და სტივ კერის ბიჭები ერთ მომენტში 20 ქულითაც იგებდნენ, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ "ჰიუსტონმა" თამაშში გარდატეხა შეიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

გამარჯვებულის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც "გოლდენ სტეიტმა" კევინ დურანტის გარეშე ჩაატარა. "მეომრების" მსუბუქმა ფორვარდმა უწყინარ სიტუაციაში დაზიანება მიიღო და პარკეტის დატოვება მოუწია. ჯერჯერობით უცნობია "კეიდის" ტრავმა რამდენად სერიოზულია. მას გამოკვლევები ჩაუტარდება და ყველაფერი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

დურანტის გარეშე დარჩენილ "უორიორსს" სტეფ კარიმ ულიდერა. "ოქროს ბიჭუნამ" რამდენიმე ჰაერივით საჭირო ქულა ჩააგდო და შეხვედრა 25 ქულით დაასრულა. კლეი ტომპსონმა 27 ქულა გაიფორმა. ანდრე იგუდალა კი 11 ქულას დასჯერდა. მატჩის ერთ-ერთი გმირი კევონ ლუნი გახლავთ, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტში ბრწყინვალედ ითამაშა.

სტუმართა მხრიდან ყველაზე მეტი, 31 ქულა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო. კრის პოლისა და კლინტ კაპელას დუეტმა საშინლად იასპარეზა. მათ ჯამში 24 სროლა განახორციელეს და კალათში მხოლოდ 6 მოათავსეს.

ამრიგად "გოლდენ სტეიტი" სერიაში 3-2 დაწინაურდა. "ჰიუსტონს" ანგარიშის გათანაბრების შანსი 11 მაისს მიეცემა, როცა მოქმედ ჩემპიონს საკუთარ არენაზე მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები