ჩოგბურთელი, რომელმაც ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეები გამოააშკარავა:
Aa
Aa

ჩოგბურთელი, რომელმაც ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეები გამოააშკარავა: "კოლეგები მეკითხებოდნენ ამას რატომ ვაკეთებდი“

მსოფლიო რეიტინგის 131-ე ჩოგანი, მარკო ტრუნხელიტი, ყურადღების ცენტრში 2018 წლის „როლან გაროსზე“ გამოსვლის შემდეგ მოექცა. არგენტინელი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში დამარცხდა, თუმცა ძირითადი ბადიდან რამდენიმე მოთამაშე მოეხსნა და ტურნირზე თამაშის უფლება მაინც მიიღო.

ტრუნხელიტი ბარსელონაში იმყოფებოდა, როცა "როლან გაროსის" ორგანიზატორების დავალებით მისი მწვრთნელი დაუკავშირდა და სასიამოვნო სიახლე აცნობა. არგენტინელი პარიზისკენ საკუთარი ავტომობილით გაემართა. 10 საათიანი მგზავრობის მიუხედავად მარკომ კორტზე გასვლა შეძლო და ბერნარდ ტომიჩი 4 სეტში 6:4; 5:7; 6:4; 6:4 დაამარცხა.

დიდი სლემის გათამაშებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ტრუნხელიტის შესახებ საჩოგბურთო სამყარო კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. ამჯერად საქმე ჩაწყობილ თამაშებს ეხება. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ანტიკორუფციულ ორგანოსთან (TIU) ითანამშრომლა და მისი დახმარებით ჩოგბურთის მესვეურებმა თამაშების ჩაწყობის სქემა გამოააშკარავეს.

ტრუნხელიტიმ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა: „ჩოგბურთელები აღარ მესალმებოდნენ. ისე იქცეოდნენ, თითქოს ვერ მამჩნევდნენ. ყველაფერი ძალიან ცუდად იყო. ჩემი მეგობრები მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ ასე რატომ მოვიქეცი. თავს ძლივს ვიკავებდი და მათ კითხვებს ასე ვპასუხობდი: „სულელი ხარ თუ რა? როგორ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ჩუმად იყო“?

მარკომ სერიოზული დეპრესია გადაიტანა და მისი მეუღლის თქმით ხშირად ტიროდა... აგვისტოში სიტუაცია აუტანელი გახდა და არგენტინელმა ანტიკორუფციულ ორგანოს ასეთი წერილი მისწერა: „გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო ჩოგბურთელები და მენეჯერები შეურაცხყოფას რეგულარულად მაყენებენ. ისინი ჩემი ღირსების შელახვას ცდილობენ“...

მარკოს ყურადღება არავინ მიაქცია და მოგვიანებით არგენტინელმა აღნიშნა: "მათ (TIU) გამომიყენეს და მიმაგდეს. სრული კატასტროფა იყო. ის პერიოდი დღემდე ძალიან ცუდად მახსენდება“.

მსგავსი სიახლეები