Aa
Aa

იუვენტუსი VS აიაქსი - მატჩის წინ

„ბარსელონა“-„მანჩესტერის“ აფიშის მიუხედავად, არანაკლებ ინტერესს იწვევს ტურინში, „ალიანც სთედიუმზე“, „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ საპასუხო შეხვედრა. გუნდებს შორის ამსტერდამში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა, რაც უპირატესობას იტალიელებს ანიჭებს.

უქმეებზე „სკუდეტოს“ ოფიციალურად გაფორმება შეეძლო „იუვენტუსს“, თუმცა გუნდმა სტუმრად „სპალთან“ 1:2 წააგო და ჩემპიონობა გადადო. ნამდვილად არ იყო გასაკვირი, რომ მასიმილიანო ალეგრიმ ლიდერები დაასვენა, რამაც უარყოფითი შედეგი გამოიღო.

ტურინელთაგან დღესაც ვერ ითამაშებს მათი კაპიტანი, ჯორჯო კიელინი, მის გარდა კი მოედანზე მარიო მანჯუკიჩს, მარტინ კასერესსა და მატია პერინს ვერ ვიხილავთ. სრულ მზადყოფნაშია კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც დასვენებულია და მნიშვნელოვანი გოლების გასატანად ემზადება.

მასიმილიანო ალეგრის თქმით, პირველ შეხვედრაში დაფიქსირებულ შედეგს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, რადგან ყველაფერი დღეს გადაწყდება.

„ამ შეხვედრაში პირველი მატჩის შედეგი არაფერს ნიშნავს. ჩვენ ისეთივე ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, როგორიც მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ. ორი რამ უნდა გავაკეთოთ - პირველი, მოწინააღმდეგე სწორად შევაფასოთ და საკუთარ ნახევარზე თავი კარგად დავიცვათ და მეორე, ჩვენი გადაცემები ზუსტი უნდა იყოს და შეტევები სწორად განვავითაროთ, რაც ამსტერდამში არ გამოგვივიდა. თუ ამ ორ ასპექტს სათანადოდ შევასრულებთ მჯერა რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ. რონალდუ განსაკუთრებული ფეხბურთელია, როდესაც თამაში იწყება ის სულ სხვა პიროვნება ხდება, ეს მის სახეზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ. რაც შეეხება კაპიტანს, თუ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, მაშინ კაპიტნის სამკლაურს პაულო დიბალა მოირგებს, სხვა შემთხვევაში კი ბონუჩი.“

ძალიან კარგ ხასიათზეა „აიაქსი“, რომელსაც უქმეებზე „ექსელსიორის“ წინააღმდეგ ვარჯიში გამოუვიდა და მეტოქე 6:2 დაამარცხა.

დისკვალიფიცირებულია ნიკოლას ტალიაფიკო, ფრენკი დე იონგის მოედანზე გასვლის საკითხი კი უშუალოდ თამაშის დაწყებამდე გადაწყდება.

ჰოლანდიაში ნათამაშები 1:1-ის შემდეგ „იუვენტუსს“ ფავორტიად მიიჩნევს ერიკ ტე ჰაგის, რომელიც დარწმუნებულია, რომ ტურინელები კარდინალურად განსხვავებულად ითამაშებს, ვიდრე ეს ამსტერდამში გააკეთეს.

„ეს მატჩი გამძლეობასა და გამბედაობაზე იქნება დამოკიდებული. ამსტერდამში ნათამაშები 1:1-ის შემდეგ, აშკარაა რომ იუვენტუსი ფავორიტია და ვიცით, რომ ჩვენ გოლი გვაქვს გასატანი. ჩვენთვის ეს კიდევ ერთი ბარიერია რომელიც უნდა გადავლახოთ. წინა შეხვედრაში ყველას დავანახეთ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. ალეგრი ძალიან კარგი მწვრთნელია და ჩემი აზრით ის მოედანზე ახალი ტაქტიკით გამოვა, რადგან პირველ მატჩში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, თუმცა საკმარისად ეფექტურები არ ვიყავით, რომ უფრო მეტი გოლი გაგვეტანა. დაცვაში კარგი თამაში გვმართებს, რადგან დარწმუნებული ვარ რომ იუვენტუსი სულ სხვა დონის ფეხბურთს ითამაშებს, ვიდრე ამსტერდამში.“

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, მას ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც კლემენ ტურპენი უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები