Aa Aa
16 აპრილი 2019  |  11:47

ბარსელონა VS მანჩესტერი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგაზე საპასუხო მეოთხედფინალური მატჩების ჯერი დადგა და პირველი სათამაშო დღის ერთ-ერთი შეხვედრა „ნოუ კამპზე“ შედგება, რომლის სტუმარიც „მანჩესტერ იუნაიტედია“.

ერთი კვირის წინ, „ოლდ ტრაფორდზე“, „ბარსელონამ“ 1:0 მოიგო, დღეს კი უპირატესობის განმტკიცებას ეცდება. ერნესტო ვალვერდეს გუნდი კარგ ხასიათზეა, რადგან ლა ლიგას კომფორტული სხვაობით ლიდერობს და სრული ძალები სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე აქვს მომართული.

„ბლაუგრანამ“ უქმეებზე „უესკას“ წინააღმდეგ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და ნულოვან ფრეს დასჯერდა.

ესპანელებს დღევანდელ მატჩში რაფინიას იმედი ვერ ექნებათ, მცირე ტრავმა აქვს ვერმაელენსაც. ვალვერდეს თქმით, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მან აღნიშნა, რომ „იუნაიტედი“ სტუმრად ძლიერია, რაც პსჟ-სთან და „იუვენტუსთან“ მიღწეული გამარჯვებებით დაასაბუთა.

„გასვლაზე 0:1 მოვიგეთ, თუმცა ეს გადამწყვეტი შედეგი არაა. მოედანზე ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ და ვეცადოთ რომ მოწინააღმდეგეს გოლი არ გავატანინოთ. მეტოქე გუნდიც ეცდება რომ არ გავიტანოთ, თუმცა ჩვენს სტილს პატივი უნდა ვცეთ, ჩვენი იდეა მატჩის მოგებაა. მანჩესტერმა 4-დან 3 გასვლითი შეხვედრა მოიგო, რომელთაგან ორი ბოლო წუთებზე, პსჟ-სთან და იუვენტუსთან. ასე რომ სიფრთხილე გვმართებს. ყველაზე მეტად მათი სულისკვეთება მაშინებს. მანჩესტერს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ძლიერები და სწრაფები არიან. თუმცა მე მათი არ მეშინია, უბრალოდ პატივს ვცემ იმის გამო, რაც ამ კლუბს გაუკეთებია და რა წარსულიც აქვს. რაც შეეხება მესის, სმოლინგთან შეჯახების მიუხედავად ის შესანიშნავ ფორმაშია. ამ მცირე ტრავმის შემდეგ ის 2 დღეში მწყობრში იყო.“

უქმეებზე საკმაოდ მძიმე ბრძოლაში მოიგო „იუნაიტედმა“, რომელმაც საკუთარ არენაზე „ვესტ ჰემთან“, პოლ პოგბას ზუსტად შესრულებული პენალტების წყალობით იმარჯვა და უმნიშვნელოვანესი ქულები აიღო.

მასპინძელთაგან განსხვავებით, სერიოზული საკადრო პრობლემებია ინგლისელთა ბანაკში, რომელთა მხრიდანაც ბაილი, ერერა, შოუ და ვალენსია ვერ ითამაშებენ.

ოლე გუნარ სულშერი გუნდს ბოლო 6 დღეში მესამე თამაშის ჩატარება უწევს. ნორვეგიელი სპეციალისტის განცხადებით, სპორტში რწმენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მჯერა რომ სპორტში იმას აღწევ რასაც იმსახურებ. თუ შენს ცხოვრებას, მონდომებას, ძალისხმევას და ყველაფერს რაც გაგაჩნია სპორტს მიუძღვნი მაშინ იმას მიიღებ რასაც იმსახურებ. 20 წლის წინ 20 ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი და ახლა ისევ ნოუ კამპზე დავბრუნდით. სადაც ისე უნდა ვითამაშოთ, რომ მოგება დავიმსახუროთ. ბედისწერაზე დამოკიდებულები არ უნდა ვიყოთ. ფეხბურთში დიდი მნიშვნელობა რწმენას აქვს. კი, ყველა ფეხბურთელი ნიჭიერია და კარგად თამაში შეუძლია, თუმცა საკუთარი ძალების რწმენა რამდენად მნიშვნელოვანია, ეს პსჟ-სთან შეხვედრაშიც გამოჩნდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ბარსელონა საუკეთესოა და ვიცით რომ ეს ადვილი მატჩი არ იქნება.“

„ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩი, თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება და მისი მთავარი არბიტრი გერმანელი ფელიქს ბრიხი იქნება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები