7 ვინერით ფინალს არ იგებენ! - კიზმა ვოზნიაცკი დაამარცხა და ჩარლსტონის ტურნირი მოიგო
საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ტურნირი ჩატარდა ამერიკის ქალაქ ჩარლსტონში, სადაც ქალმა ჩოგბურთელებმა თიხის საფაროვან კორტებზე ითამაშეს. გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ადგილობრივი მედისონ კიზი და დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი დაუპირისპირდნენ.
კიზმა რთული მატჩები გადაიტანა და ფინალამდე ტატიანა მარიას, ელენა ოსტაპენკოს, სლოუნ სტივენსისა და მონიკა პუიგის დამარცხება შეძლო, ვოზნიაცკის კი შედარებით იოლი ბადე ჰქონდა - ზიგმუნდი, ბუზარნესკუ, საკარი და მარტიჩი.
მატჩი მოსალოდნელი სცენარით წარიმართა - კიზი შემტევ ჩოგბურთს თამაშობდა, ხოლო ვოზნიაცკი დაცვაზე აქცენტირებდა. ამერიკელს 45 ვინერი და 38 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. რაც შეეხება მის მეტოქეს, „კარომ“ მხოლოდ 7 ვინერი შეასრულა და ასეთი პასიური თამაშით შეხვედრის მოგება თითქმის წარმოუდგენელია. შედეგად, წარმატებას კიზმა მიაღწია, რომელმაც 7:6; 6:3 იმარჯვა და პროფესიონალურ კარიერაში მე-4 ტიტული მოიგო.
რეიტინგში ორივე ჩოგბურთელმა პროგრესი განიცადა, ვოზნიაცკი დღეიდან მსოფლიოს მე-12 ჩოგანია, კიზი კი კლასიფიკაციის მე-14 პოზიციაზეა.